გურჯაანი-ბაკურციხის შემოვლითი 15 კმ-იანი გზა გაიხსნა
გურჯაანი-ბაკურციხის შემოვლითი 15 კმ-იანი გზა გაიხსნა

გურჯაანი-ბაკურციხის შემოვლითი 15 კმ-იანი გზა გაიხსნა. გზის ოფიციალურ გახსნას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე ესწრებოდნენ.

მიმდინარე პროექტის დონორია მსოფლიო ბანკი. 15 კმ-იანი გზა საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხი (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზას დააკავშირებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზასთან.

ავტოტრანსპორტს საჭიროების გარეშე აღარ მოუწევს გავლა ქალაქ გურჯაანში და გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ბაკურციხე, კოლაგი, ძირკოკი, ჭანდარი, ვეჯინი და ჩუმლაყი. პროექტი გააუმჯობესებს თბილისთან დამაკავშირებელი გზის უსაფრთხოებას და ხარისხს.

„კახეთის რეგიონისთვის გზების გაუმჯობესება უმნიშვნელოვანესი პროცესია, რადგან ამ რეგიონში საკმაოდ განვითარებულია სოფლის მეურნეობა და აქვს დიდი ტურისტული პოტენციალი. გარდა ამისა მნიშვნელოვნად შემცირდება მგზავრობის დრო და ხარჯები“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, გურჯაანი- ბაკურციხის შემოვლითი გზის გარდა, კახეთში რამდენიმე მილიონიანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება.

„რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა და მისმა გუნდმა ჩვენი ამ ახალი ინიციატივის ფარგლებში უკვე დაასრულეს მუშაობა, რაც გულისხმობს ურბანული განახლების პროექტების დაწყებას ყველა მუნიციპალიტეტში. პირველადი განხილვა ჩვენ უკვე გვქონდა. ყველა მუნიციპალიტეტში შეიქმნება ევროპული ტიპის ახალი ცენტრები, მათ შორის გურჯაანში. ეს სამუშაოები დაიწყება უახლოეს ორ კვირაში. ჯამში 500 მილიონი დაიხარჯება და ყველა მუნიციპალიტეტში მოეწყობა თანამედროვე, ევროპული ტიპის ცენტრები. ურბანული განახლების პროექტები მომდევნო წლებშიც გაგრძელდება და ჩვენ ყველა სოფელში უნდა ჩავიტანოთ ახალი აღმშენებლობა და ახალი სტანდარტი, რაც არის ევროპული სტანდარტი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განხორცილებული გურჯაანი- ბაკურციხის შემოვლითი გზის პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 38 მილიონი ლარია. სამუშაოები ქართული კომპანია „ბლექ სი გრუპმა“ განახორციელა.

სამომავლოდ კახეთში გზების ინფრასტრუქტურის პროექტების განხორციელებისთვის ორი მილიარდი ლარი დაიხარჯება.