თელ-ავივში მიმდინარე გრანდ სლემის დასკვნით დღეს საქართველოს ნაკრების ღირსების დასაცავად ექვსი ძიუდოისტი გამოვიდა, საიდანაც ოთხი მათგანი ფინალურ ბლოკში გადავიდა.
ტურნირის ფინალში გავიდა და ოქროს მედალი მოიპოვა მძიმეწონოსანმა გურამ თუშიშვილმა. მან ბრაზილიელი რაფაელ სილვა დამატებით დროში გაფრთხილებებით დაამარცხა. დღეს შეჯიბრზე გამომსვლელი მეორე ქართველი მძიმეწონოსანი ონისე ბუღაძე მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში ავსტრიელ სპორტსმენთან დამარცხდა.
100 კგ წონით კატეგორიაში ტურნირზე ბრწყინვალედ იასპარეზა ახალგაზრდა ილია სულამანიძემ. ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში ნიდერლანდელი მიხაელ კორელი ულამაზესი ილეთით დაამარცხა და ოქროს მედალი დამსახურებულად მოიპოვა.
ამავე წონაში ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავა ონისე სანებლიძემ, მაგრამ სამწუხაროდ, ქართველი დამატებით დროში დამარცხდა. სამწუხაროდ, დღეს ტურნირს ნაადრევად გამოეთიშნენ უშანგი მარგიანი (90კგ) და მძიმეწონოსანი ქალი ძიუდოისტი სოფიო სომხიშვილი.
შეგახსენებთ, რომ დღემდე თელ-ავივის გრანდ სლემზე საქართველოს ანგარიშზე მხოლოდ ერთი ვერცხლის მედალი იყო, რომელიც შეჯიბრზე ეთერ ლიპარტელიანმა მოიპოვა.