გურამ თირქია - სამეგრელოს გუბერნატორად მუშაობის დროს, გიგი უგულავამ ჩემს დისშვილს უთხრა, 5 მილიონი დოლარი მჭირდებაო, უარი რომ მიიღო, ღიად დაემუქრა, თქვენს ბიძას ყველაფერს წავართმევო
„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე“ მოქალაქე გურამ თირქიას უსმენენ.
გურამ თირქიამ საგამოძიებო კომისიაზე ისაუბრა იმის შესახებ, რომ გიგი უგულავამ 2005 წელს მის დისშვილს ტელეფონით საუბრისას 5 მილიონი მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ბიძისთვის ყველაფრის წართმევით დაემუქრა.
„მირეკავს გიგი უგულავა, თქვენი დისშვილი თბილისში არისო. ვუთხარი ჩემს დისშვილს, გუბერნატორი რეკავს-მეთქი. მომეციო და ადგა სუფრიდან, ავდექი მეც და გავყევი. ეუბნება, 5 მილიონი დოლარი მჭირდებაო. ფერი შეეცვალა, რა უჭირს საქართველოს, მითხარიო და რისთვის ვაგზავნი, ხომ უნდა ვიცოდეო, რაც შემეძლო, გავუკეთეო. დედამისი დასაფლავებულია ვაკეში, შარტავას გვერდით, იქ, რაც შეეძლო, ყველაფერი გააკეთა. მითხარით, კონკრეტულად რისთვის გინდა ეს თანხაო. შენ ბიძას სასტუმროს ავუშენებ ერთსო. ნუ წუხდებითო, ამას მე ავაშენებო და უარი რომ მიიღო ანზორისგან, დაემუქრა ღიად, ყველაფერს წავართმევ თქვენს ბიძასო. უპასუხა, ეს შეიძლება, დროებით წაართვათ ჩემს ბიძას, მაგრამ დასადგომ ადგილს საქართველოში თქვენ წაგართმევთო“, – განაცხადა გურამ თირქიამ.
ამასთან, გურამ თირქიამ გაიხსენა გიგი უგულავასთან რამდენიმე შეხვედრა, როდესაც უგულავა სამეგრელოს გუბერნატორი იყო.
„სამეგრელოში გიგი უგულავა იყო გუბერნატორი, ეს არის დაახლოებით 2004-2005 წლები. მე ვიყავი „მონადირეთა კავშირის“ უფროსი და ვიცნობდი გიგი უგულავას, ხანდახან სათევზაოდ დადიოდა და ორჯერ ვარ შეხვედრილი, როცა ელექტროდენით იჭერდა თევზს. მაშინ გარემოს დაცვა არ იყო, ჩვენი ხალხი იცავდა, მყავდა „ეგერები“ და ანაკლიაში ხალხი მეუბნება: ბატონო გურამ, ჩვენ დაგვაგდებინეთ ეს აპარატი და დენი, გუბერნატორი რომ ზის და იჭერს თევზს აპარატით, ეს დასაშვები არისო? რომ გამაფრთხილეს, ჩემი თვალით ვნახე ერთი-ორჯერ, ვუთხარი, თუ იცით, რას შვებით-მეთქი? ამის შედეგ, 2005 წელს სამსახურში მიბარებს, ეს ბრაკონიერობა დაავიწყდა და მეუბნება: ვიცი, შენი დისშვილი ვინ არის, შორიდან ვიცნობო. უთხარი, ახალი მოსულები ვართ მთავრობაში და დაგვეხმაროს 5 მილიონი აშშ დოლარითო. ამ თანხით თქვენ თქვენს საკუთარ მიწაზე ერთ სასტუმროსაც აგიშენებო“, – განაცხადა გურამ თირქიამ.