გურამ ნიკოლაშვილი - ევროპა დაინტერესებული იყო, 26 ოქტომბრის არჩევნებზე ხელისუფლება შეცვლილიყო, მათ სჭირდებოდათ სხვა ხელისუფლება
გურამ ნიკოლაშვილი - ევროპა დაინტერესებული იყო, 26 ოქტომბრის არჩევნებზე ხელისუფლება შეცვლილიყო, მათ სჭირდებოდათ სხვა ხელისუფლება

ევროპა დაინტერესებული იყო, 26 ოქტომბრის არჩევნებზე ხელისუფლება შეცვლილიყო, მათ სჭირდებოდათ სხვა ხელისუფლება, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა გურამ ნიკოლაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„„ქართულ ოცნებას“ უნდა დაეკარგა ხელისუფლება, მიუხედავად ყველა მონაცემისა, რა მხარდაჭერაც ჰქონდა მმართველ გუნდს. ეს იყო ის, რაშიც იყო დაინტერესებული ევროპა და ამის სიგნალები არსებობდა. ამის სიგნალები არსებობდა, როდესაც იმავე გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით გამოდიოდნენ პირდაპირ უკვე დონორი ორგანიზაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები და დიპლომატები, როგორც ქვეყნის შიგნით აკრედიტებული, ისე ევროპარლამენტის თუ ბალტიისპირეთის პარლამენტის წევრები. ისინი მკაფიო სიგნალს იძლეოდნენ, თუ გინდათ, ევროპაში ინტეგრაცია გაგრძელდეს, ამისთვის ხელისუფლება უნდა შეიცვალოსო. ეს ასე არ მოხდა. ეს არ მოხდა ალბათ ყველაზე უკეთესად ადმინისტრირებული არჩევნების გზით, რადგან ამერიკული კომპანიების მიერ ჩატარდა ეს არჩევნები და, შესაბამისად, ჩვენ მერე, ერთი თვის განმავლობაში ვნახეთ კასკადი იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაც გაუგებარი გზით თითქოს გაყალბდა, შესაბამისი მტკიცებულებები, ვერაფერი ვერ მოიძებნა და პროტესტი არათუ მინავლდა, ვერც აგორდა“, – განაცხადა ნიკოლაშვილმა.

მისი თქმით, ამის შემდეგ ოპოზიცია, პარლამენტში შესვლის ნაცვლად, კვლავ ბოიკოტის რეჟიმში გადავიდა და 28 ნოემბერს ხელისუფლებამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რომ ის აღარ გაიმეორებდა 2020 წლის ციკლს.

ამასთან, ნიკოლაიშვილმა აღნიშნა, რომ არ იცის, ევროპელებს რა მოთხოვნა აქვთ.

„არჩევნებს ითხოვენ, დაკავებულების გამოშვებას ითხოვენ თუ რას. ეს არსად ასე გახმოვანებული პირდაპირ არ მინახავს, ვიღაცების მინიშნებებს არ ვგულისხმობ, მაგრამ თუ რამე მოთხოვნა არსებობს და არგუმენტაცია არსებობს, ხელისუფლება მუდმივად აჩვენებს იმას, რომ ის ღიაა, კი ბატონო, დავსხდეთ და ვილაპარაკოთ. იქ პროტესტი არის შიგნით თუ გარედან აქვს ვინმეს კითხვები, ხელისუფლება ამბობს, ვილაპარაკოთ, მაგრამ მთავარი კითხვები, რა ვითარებაც ბოლო პერიოდში შეიქმნა, არის სწორედ ის, რაზეც ბოლო პერიოდში გამოქვეყნებული წერილებიც მეტყველებს – რატომ დუმხართ, რატომ არ ლაპარაკობთ, რა გინდათ? პრემიერის წერილიც ამერიკის პრეზიდენტის მიმართ ამ პათოსს შეიცავდა“, – განაცხადა ნიკოლაშვილმა.

ანალიტიკოსმა ასევე განაცხადა, რომ როდესაც პარლამენტი შედგა და ეს დუმილი დაიწყო და შენარჩუნდა, „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, სხვა გზას დადგომოდა.

„როდესაც პარლამენტი შედგა და ეს დუმილი დაიწყო და შენარჩუნდა, უბრალოდ, „ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ რახან ასეა, მაშინ ჩვენ სხვა გზას დავადგებით, ლეგიტიმაციას ჩვენ ვიღებთ ხალხისგან და ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს გზაზე სვლას. ამას მოჰყვა შემდეგ ეს პროცესი. ანუ, შენ თუ არ აღიარებ პარლამენტს, ეს პარლამენტი არის არჩეული ოთხი წლით, ესე იგი, 2028 წლამდე არ აპირებ მის აღიარებას და იგივე დააბრუნა ხელისუფლებამ, რაკი შენ ეს არხი ჩაკეტე, მაშინ 2028-მდე მეც ვერ მექნება შენთან დისკუსია, მე გავაგრძელებ ამ გზაზე სიარულს და 2028-ში დაგიბრუნდებითო“, – განაცხადა ნიკოლაშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად არის არაღიარების პოლიტიკის გაგრძელება ინიციატივები ევროპელი ლიდერების მხრიდან ალბანეთის დედაქალაქში მიმდინარე სამიტზე, როდესაც ისინი შეხვდნენ ირაკლი კობახიძეს, გურამ ნიკოლაშვილმა განაცხადა, რომ ის, რაც დღეს ვნახეთ, იყო გარდაუვალი.

„დღეს რაც ვნახეთ, ეს იყო გარდაუვალი, მაგრამ მე მთავარი რამის თქმა მინდა. ის, რომ ვიღაცა მიესალმა, ხელი ჩამოართვა, რა სიტყვა გაცვალეს და ა.შ., ჩემი აზრით, მეორეხარისხოვანია. მთავარი არის გადაწყვეტილება, რაც მიიღო ხელისუფლებამ, რომ რაღაცებს უნდა დაერქვას თავისი სახელი და მოვიდეს რაღაც ფორმაში, სუვერენიტეტს უნდა ერქვას სუვერენიტეტი, ქვეყნის შიდა საქმეებს – შიდა საქმეები, დიპლომატს უნდა ჰქონდეს თავისი ზომა-წონა და ადგილი ქვეყანაში, როგორც არის სხვა ქვეყნებში. საქართველომ გადაწყვიტა, რომ ამ რაღაც ერთგვარი ვასალური თუ დამცრობილი მდგომარეობიდან გამოვიდეს“, – განაცხადა ნიკოლაშვილმა.

მისივე თქმით, ვიზიტები გასულ თვეებშიც ვნახეთ და მომავალში უფრო მეტი იქნება.

„ჩვენ წინა თვეშიც ვნახეთ, რომ იქ ვიზიტებიც იყო, ვიღაცას შეხვდა, ვიღაცას ვერ შეხვდა თუ ასე შემდეგ, მაგრამ ბოლოს ეს ხომ გარდაუვალია და დღეს ეს მოხდა. ვიღაც მივა, მიესალმება, რა თქმა უნდა, და ხვალ და ზეგ მეტი იქნება.

როგორც ნიკოლაშვილმა აღნიშნა, ევროპელი ლიდერების შეხვედრები პრემიერთან და ა.შ., მისთვის სიურპრიზი არ ყოფილა.

„როცა ლაპარაკობენ, ევროპულ პრაქტიკას დავუბრუნდეთო, რომელ ევროპულ ქვეყანაში ხდება და სად არის ასეთი წინააღმდეგობა და გამოწვევები, ათი კაცი კეტავდეს ელისეის მინდორს ან ცენტრალური ტელევიზიები არ აღიარებდნენ ხელისუფლებას და ტიტრებში ყველგან მოიხსენიებდნენ, რომ ეს არის დე ფაქტო ხელისუფლება? ზოგი როგორ წერს და ზოგი როგორ და არაუფლებამოსილ თანამდებობის პირებად ასახელებენ ხელისუფლების წარმომადგენლებს, ხომ? ეს ხომ არსად არ ხდება სხვაგან. რომელ ევროპულ ქვეყანაში გინახავთ მსგავსი პრეცედენტი, აქ კი ეს ყველაფერი ჩუმად ან ღიად წახალისებული და მხარდაჭერილია. ქვეყანა ვერ იცხოვრებს ამ მდგომარეობაში, ხვდებით? შეუძლებელია, ეს გამოგონილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ტელეფონით ჩატარებული არჩევნები, ხან რეფერენდუმი, იქ რაღაც წინააღმდეგობის პლატფორმა და ვიღაც გაუგებარი დემოკრატიის მცველები, რომლებმაც ახალი დოქტრინა წარმოგვიდგინეს ზიზღის ფილოსოფიის. ამ წარმოსახვით რეალობაში, რა თქმა უნდა, დიდხანს ვერ გაძლებდა ქვეყნის ის ნაწილი, რომელიც ამას ასაღებს რეალობად, ბუნებრივია, ეს ბუშტი გასკდებოდა და ჩემთვის არ არის სიურპრიზი ეს, რაც დღეს ვნახე. ეს გარდაუვალი იყო ჩემთვის, მაგრამ მათთვის არის, ამ ვირტუალურ რეალობაში ამას შეაქვს რღვევა, როდესაც სალომე ზურაბიშვილი კი აღარ არის მაკრონის რაღაც, არამედ ის იძულებულია, მივიდეს, მიესალმოს და ხელი ჩამოართვას. იმიტომ, რომ ის არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი“, – განაცხადა ნიკოლაშვილმა.