გურამ მაჭარაშვილი - ზურაბ ჯაფარიძემ ციხეში შესვლა თავად აირჩია, სახელმწიფოს ვინც ხელთათმანს ესვრის, ის შესაბამისს რეაგირებას მიიღებს
ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ ციხეში შესვლა თავად აირჩია. თქვა, გირაოს არ გადავიხდიო და ციხეში შევიდა. კომისიის სხდომაზე არ მოვიდა და იცოდა, რომ ეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი გახდებოდა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილი გამოეხმაურა სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს შვიდი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
„რა პოლიტიკურ დევნილობაზეა საუბარი? ჯაფარიძეს რა პოლიტიკური მოსაზრებები აქვს, რომ ჩვენ ვერ გადავფაროთ? მისი პოლიტიკური მოსაზრებებიც კარგად ვიცით და ისიც, რა რეიტინგით და რა სახელით სარგებლობს. ამ ხალხმა სახელმწიფოს ხელთათმანი ესროლა. თავის დროზე ეს მელიამ გააკეთა და ახლა სხვები აჰყვნენ. ეგონათ, სახელმწიფო სისტემა არ მუშაობს და ა.შ. „ნაცმოძრაობის“ ერთი ფრთა, გახარია თუ კომისიაზე მოდის – რას ამბობს, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ ხომ მოდის? – ამათ რა დროის რეჟიმი აქვთ, რომ ერთი-ორი საათი კომისიის სხდომაზე ვერ მოვიდნენ? ვინც სახელმწიფოს ხელთათმანს ესვრის, ის შესაბამისს რეაგირებას მიიღებს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
დროებითი საგამოძიებო კომისიის მიმართვის საფუძველზე, პროკურატურამ ზურაბ ჯაფარიძეს სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინა ბრალი, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს. ზურაბ ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო 16 აპრილს შეეფარდა და გადახდის ვადა 18 მაისს ამოეწურა. გირაოს გადაუხდელობის გამო აღკვეთის ღონისძიება – გირაო პატიმრობით 22 მაისს შეეცვალა. პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს სასამართლომ დღეს, 23 ივნისს შვიდი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ასევე მას აეკრძალა ორი წლით თანამდებობის დაკავება.