გურამ მაჭარაშვილი - ზოგიერთებს რევოლუციები ელანდებათ, არეულობის ფორმატიდან ვერ გამოვიდნენ
გურამ მაჭარაშვილი - ზოგიერთებს რევოლუციები ელანდებათ, არეულობის ფორმატიდან ვერ გამოვიდნენ

ზოგიერთებს რევოლუციები ელანდებათ, რაც იმას ადასტურებს, რომ ისინი ვერ გამოვიდნენ იმ ფორმატიდან, რასაც რევოლუცია და არეულობა ჰქვია, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში გამოხატვის თავისუფლება უზრუნველყოფილია, თუმცა ვინც კანონს დაარღვევს, სათანადოდ აგებს პასუხს.

„რაც შეეხება გაზაფხულზე აქციების დაანონსებას, ზოგიერთებს რევოლუციები ელანდებათ, რაც იმას ადასტურებს, რომ ისინი ვერ გამოვიდნენ იმ ფორმატიდან, რასაც რევოლუცია და არეულობა ჰქვია. იმ ადამიანების გარდა, ვისაც რევოლიცია ესიზმრება, დანარჩენი ცივილიზებული სამყარო დგას პოზიციაზე, რაც „ქართულ ოცნებას” გააჩნია, რომ იქნება პოლოტიკური პროცესები და აქციები, თუმცა ეს იქნება კონსტიტუციურ ჩარჩოებში მოქცეული. საქართველოში გამოხატვის თავისუფლება უზრუნველყოფილია და ეს არაერთ საერთაშორისო ინსტიტუციას აქვს დაფიქსირებული. რაც შეეხება აქციებს, ბუნებრივია, აქაც რეგულაციები მკაცრად იქნება დაცული, მაგრამ მეორე მხრივ, არ უნდა დაგვავიწყდეს პრინციპი, რომ ერთი ადამიანის უფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება მეორე ადამიანის უფლება. ნებისმიერი მოქალაქე დაცულია იმ უფლებით, რაც მას აქვს. ჩვენ ვერ გავარჩევთ ვერც ერთ მოქალაქეს მიუხედავად პოლიტიკური, რელიგიური თუ ნებისმიერი შეხედულებისა. აქედან გამომდინარე, ვინც დაარღვევს კანონს, მიუხედავად პოლიტიკური კუთვნილებისა, ის აგებს პასუხს.

ეს ეხება ასევე საკარანტინო რეგულაციებს. ვინაიდან საჯარო პირი ხარ და შენ მიმართ მაღალი ინტერესია, ეს არ გაძლევს ინდულგენციას, რომ დაარღვიო პირობები, მით უფრო, ასეთი საფრთხისშემცველი პირობები, თან სახალხოდ. ეს ნიშნავს, რომ საზოგადოებას უბიძგებ იმ წესების და რეგულაციების დარღვევისკენ, რომელსაც არა მხოლოდ საქართველოს მთავრობა, არამედ მსოფლიო ჯანდაცვის სისტემა უზრუნველყოფს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.