გურამ მაჭარაშვილი - იმ ფონზე, როდესაც არც ერთი კომპონენტი არ არსებობს, ვადამდელი არჩევნების ჩატარება დემოკრატიული პრინციპების ღალატს ნიშნავს
გურამ მაჭარაშვილი - იმ ფონზე, როდესაც არც ერთი კომპონენტი არ არსებობს, ვადამდელი არჩევნების ჩატარება დემოკრატიული პრინციპების ღალატს ნიშნავს

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი, თუ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან არჩევნების შედეგების ცნობა არ მოხდებოდა ან მასშტაბური გაყალბების მტკიცებულებები იარსებებდა.

მაჭარაშვილის თქმით, იმ ფონზე, როდესაც არც ერთი კომპონენტი არ არსებობს, ვადამდელი არჩევნების ჩატარება დემოკრატიული პრინციპების ღალატს ნიშნავს.

„რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება მხოლოდ ორ შემთხვევაში, თუ არჩევნების შედეგები არ ცნო საერთაშორისო საზოგადოებამ და თუ გაყალბების იმ დონის მტკიცებულებებია, რომელიც სერიოზულად შეცვლიდა არჩევნების შედეგებს. ამ ორი კომპონენტიდან არც ერთი არსებობს და არც მეორე. საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან მეორე დღესვე მოხდა არჩევნების შედეგების ცნობა და ლეგიტიმაცია. არც ერთი მტკიცებულება და მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ეჭვის ქვეშ დააყენებდა არჩევნების შედეგებს, არ არსებობს. ოპოზიცია საერთოდ უარს ამბობს არათუ მტკიცებულების წარმოდგენაზე, არამედ იმ მაღალი დონის კომისიაში მუშაობაზე, რომელიც ჩვენ შევქმენით საგამოძიებო კომისიის სახით.

გამოდის, რომ ვსაუბრობთ ისეთი ვადამდელი არჩევნების დანიშვნაზე, რომლის არც სამართლებრივი და არც პოლიტიკური საფუძველი არ არსებობს. ჩვენ ვადამდელი არჩევნების დანიშვნის საკითხზე თუ ვსაუბრობთ, ვსაუბრობთ იმაზე, რომ ვუღალატოთ დემოკრატიულ პრინციპებს, იმ დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობას, რომელიც მეგობრების დახმარებით, ბოლო სამი ათეული წლის განმავლობაში რაღაცნაირად ავაწყვეთ და, რომელიც ამბობს, რომ საზოგადოების უმრავლესობის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.