გურამ მაჭარაშვილი - თქვენ არ გვეუბნებით, რომ მოლაპარაკებებს გიხსნითო და კიდევ აქეთ გვაბრალებთ, რომ ჩვენ არ გვინდა მოლაპარაკებები, ეს არის გაღმა შედავების მექანიზმი, რაც არავის გაუვა
თქვენ არ გვეუბნებით, რომ მოლაპარაკებებს გიხსნითო და კიდევ აქეთ გვაბრალებთ, რომ ჩვენ არ გვინდა მოლაპარაკებები, ეს არის გაღმა შედავების მექანიზმი, რაც არავის გაუვა, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, 2028 წელს საქართველო მზად იქნება, რათა 2030 წლამდე, მოლაპარაკებების გახსნის შემდგომ ევროკავშირის წევრი გახდეს.
„ჩვენ ვნახეთ, რომ ამ ხალხს, ვინც რადიკალიზმითაა დაკავებული, წერა-კითხვა არ უყვარს. შესაბამისად, უნდა წაიკითხო და მოისმინო, რა ითქვა ამ განცხადებაში. აქ ნათქვამია, რომ ჩვენ არავის მივცემთ საშუალებას, მოლაპარაკებების გახსნა გახდეს რადიკალიზმის წამახალისებელი მექანიზმი ქვეყანაში. ჩვენ კარგად ვიცით, რომ 2030 წლამდე თავად ევროკავშირმა თქვა, რომ არავის არ იღებს. ჩვენი მონაცემებით, რაც, სხვათა შორის, ევროკავშირის ელჩს მაგიდაზე უდევს, ყოველ კვირას საქართველო ფასდება პოზიტიურად ყველა მიმართულებით, სადაც დაწინაურებულები ვართ პირველ ადგილზე კანდიდატ ქვეყნებს შორის და პირველ ხუთეულში, სამეულში და ხან პირველ ადგილზე ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის.
შესაბამისად ვამბობთ, რომ 2028 წლამდე აღარ ვივაჭროთ ამ მოლაპარაკებების გახსნის მექანიზმით და ვნახავთ, რომ 2028 წელს ვიქნებით მზად, რათა 2030 წლამდე, მოლაპარაკებების გახსნის შემდგომ გავხდეთ წევრი. თუ არა, მაშინ, კი ბატონო, ჩვენ ხვალვე მზად ვართ, მოლაპარაკებები გაგვიხსენით და ჩვენ მზაობა გვექნება ამისთვის. ასევე მზად ვიქნებით, რომ დაგანახოთ ჩვენი უპირატესობა სხვა ქვეყნებთან შედარებით. თქვენ დალოცვილებო, თქვენ არ გვეუბნებით, რომ მოლაპარაკებებს გიხსნითო და კიდევ აქეთ გვაბრალებთ, რომ ჩვენ არ გვინდა მოლაპარაკებები, ანუ თქვენ არ გველაპარაკებით ევროინტეგრაციაზე და მერე გვაბრალებთ, არ გველაპარაკებიან ევროინტეგრაციაზეო. ეს არის გაღმა შედავების მექანიზმი, რაც, რა თქმა უნდა, არავის გაუვა“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.