გურამ მაჭარაშვილი – მეხუთე წელია, უკრაინაში ომი მიმდინარეობს, ხალხი იხოცება და ამ დროს ევროკავშირი ფულს ურიცხავს რუსეთს
ნაცაგენტურა გამოვიდეს ახლა და უთხრას ევროკავშირს, ფულს რუსეთის ფედერაციას ურიცხავთო? მეხუთე წელია, უკრაინაში ომი მიმდინარეობს, ხალხი იხოცება და ამ დროს ევროკავშირი ფულს ურიცხავს რუსეთს, რომ შეიძინოს ტყვიები, იარაღი და ებრძოლოს უკრაინას, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ილაშქრებს.
„ჩვენ გვეუბნებიან, თქვენც შეერკინეთ ახლა რუსეთსო. ბალტიისპირა ქვეყნებში პრემიერები და მათი ოჯახის წევრები სავაჭრო ბრუნვით არიან რუსეთთან დაკავშირებულები. თავად ბრიტანეთმა მოუხსნა სანქციები ნავთობის ერთ-ერთ კომპანიას. ამ დროს ჩვენ გვეუბნებიან, რუსი ტურისტიც არ მიიღოთო. ეს ორმაგი სტანდარტიც აღარ არის. ეს არის საკუთარი ქვეყნის მიმართ გალაშქრება და თან სხვა ქვეყნის ინტერესების ხარჯზე“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
გამოცემა „ველტმა“ „ენერგეტიკისა და სუფთა ჰაერის კვლევის ცენტრის“ (CREA) მონაცემებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსული გათხევადებული ბუნებრივი აირის იმპორტმა ევროკავშირში, გასულ წელთან შედარებით, ივნისში 14 პროცენტით მოიმატა.