გურამ მაჭარაშვილი - თანმიმდევრულად მივყვებით საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მიღებულ გადაწყვეტილებებს, ეს არის ევროკავშირის წევრობაზე 2024 წელს განაცხადის გაკეთება, ქვეყანა ამისთვის ემზადება
თანმიმდევრულად მივყვებით იმ გადაწყვეტილებებს, რაც საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად გვაქვს მიღებული, ეს არის ევროკავშირის წევრობაზე 2024 წელს განაცხადის გაკეთება და სწორედ ამისთვის ემზადება ქვეყანა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, რაც შეეხება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე დაჩქარებულ პროცესებს, ბევრი ახსნა არ არის საჭირო, თუ რატომ ხდება ეს.
„საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ, რომ უკვე თავსებადი იყოს განაცხადის გაკეთება. რაც შეეხება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე დაჩქარებულ პროცესებს, მგონი, აქ ბევრი ახსნა არ არის საჭირო, ეს რატომ ხდება. მთელი მსოფლიო მობილიზებულია, რომ უკრაინას დახმარება აღმოუჩინოს ყველა კუთხით. აქედან გამომდინარე, მარტივად ასახსნელია, თუ რატომ შეიძლება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი დაჩქარდეს. რადიკალურ ოპოზიციას ვურჩევ, ამ ნარატივზე დაჯდომას საქმეს მიხედოს, რომელიც ბევრია. სჯობს, თავისი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ერთხელ მაინც რაღაც ნაბიჯები გადადგან და მათგან გავიგონოთ სიტყვა სახელმწიფო ინტერესებზე და მხოლოდ ორიენტირებული არ იყვნენ პარტიულ ინტერესებზე. ჩვენი მიზანი განაცხადის გაკეთება არ არის, ჩვენი ამოცანაა, განაცხადის გაკეთების შემდეგ პარტნიორებმა ადეკვატური გადაწყვეტილება მიიღონ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.