გურამ მაჭარაშვილი - სპეციალურ საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურებში ნარჩუნდება დამოუკიდებლობის ხარისხი, ხელმძღვანელთა დანიშვნის პროცედურა და გამჭვირვალობა
გურამ მაჭარაშვილი - სპეციალურ საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურებში ნარჩუნდება დამოუკიდებლობის ხარისხი, ხელმძღვანელთა დანიშვნის პროცედურა და გამჭვირვალობა

სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურებში ნარჩუნდება ის ძირითადი პრინციპები, რაც არის დამოუკიდებლობის ხარისხი, ხელმძღვანელების დანიშვნის პროცედურა და გამჭვირვალობა, – ამის შესახებ საქართველოს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობისა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, საუბარია არა პერსონალიებზე, არამედ ინსტიტუციის გაძლიერებაზე.

„თავის დროზე, როცა საგამოძიებო ფუნქციები უერთდებოდა ამ სამსახურს, მიმდინარეობდა ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები, მათ შორის – პარტნიორებთან. ახლა უკვე იქნება ცალკე დამოუკიდებელი სამსახური, რომელსაც კიდევ დაემატება გარკვეული ფუნქციები. იქნება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური და დამოუკიდებელი სამსახური. ორივე სამსახურში აუცილებლად ნარჩუნდება ის ძირითადი პრინციპები, რაც არის დამოუკიდებლობის ხარისხი, ხელმძღვანელების დანიშვნის პროცედურა და გამჭვირვალობა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

რაც შეეხება თანამშრომლების საკითხს, მისი თქმით, „ვიდრე შეიქმნება ახალი სამსახურები, იქნება ორთვიანი გარდამავალი პერიოდი“.

„ამის შემდეგ, ხელმძღვანელების შერჩევა მოხდება პროცედურების შესაბამისად და ერთი სამსახურის ბაზაზე ორი დამოუკიდებელი სამსახურის შექმნა. ამასთან, რაც შეეხება ლონდა თოლორაიას, როდესაც იქნება კონკურსი ორივე სამსახურში და ეს იქნება, რა თქმა უნდა, გამჭვირვალე პროცესი, ბუნებრივია, ნებისმიერ პირს, ვინც აკმაყოფილებს კრიტერიუმს, ექნება საშუალება, შეიტანოს თავისი განაცხადი. თუ ქალბატონი ლონდა ჩათვლის საჭიროდ, ბუნებრივია, ისიც შეიტანს განაცხადს. აქ საუბარი არ არის პერსონალიებზე, საუბარია ინსტიტუტზე, რომლის გაძლიერებაც ხდება იმ მოცემულობით, რომელსაც ჰქვია ცალკე საგამოძიებო სამსახური, რომელიც აპრობირებულია უცხოეთში. პერსონალურ მონაცემთა დაცვაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობისა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება იგეგმება, რომელთა ნაცვლად, ორი ახალი სამსახური – სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური შეიქმნება. შესაბამისი ცვლილებები საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა – რატი იონათამიშვილმა, გივი მიქანაძემ, გიორგი ამილახვარმა, ანრი ოხანაშვილმა, დავით მათიკაშვილმა, ალუდა ღუდუშაურმა და გურამ მაჭარაშვილმა მოამზადეს. პროექტი ბიუროს სხდომას წარედგინება.

დატოვე კომენტარი