გურამ მაჭარაშვილი - სჯობს, ოპოზიციის წარმომადგენლებმა რასაც მოაწერეს ხელი, ის შეასრულონ, ვურჩევდი, საპარლამენტო ფორმატებში მიიღონ მონაწილეობა
გურამ მაჭარაშვილი - სჯობს, ოპოზიციის წარმომადგენლებმა რასაც მოაწერეს ხელი, ის შეასრულონ, ვურჩევდი, საპარლამენტო ფორმატებში მიიღონ მონაწილეობა

საქართველოს პრეზიდენტთან კომუნიკაცია პრობლემას არ წარმოადგენს, არც ოპოზიციის და არც უმრავლესობის მხრიდან. ეს ინსტიტუცია არის დამოუკიდებელი და იღებს, გადაწყვეტილებას როგორც ჩათვლის საჭიროდ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა პრეზიდენტისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციას სურს, გარკვეული ტექნიკური ხარვეზები მოძებნოს.

„რაც შეეხება თავად საკითხს, ჩვენ არაერთხელ ავხსენით, რატომ მოხდა, რომ ჩვენ მივიღეთ ცვლილებები ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსში. ეს გამომდინარეობდა საკონსტიტუციო ცვლილებებიდან, გამომდინარეობდა ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში არსებული პრაქტიკიდან. რაც შეეხება ოპოზიციის აქტიურობას, მე ვურჩევდი მათ, საპარლამენტო ფორმატებში მიიღონ მონაწილეობა. მათ მოაწერეს ხელი შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, ისინი უნდა მუშაობდნენ საქართველოს პარლამენტში. მათ ის კი არ აინტერესებთ, რა ცვლილებები იქნა მიღებული, არამედ ის, რომ მოძებნონ გარკვეული ტექნიკური ხარვეზები და მხოლოდ დღის წესრიგი შექმნან. სჯობს, რომ რასაც მოაწერეს ხელი, ის შეასრულონ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების ნაწილი დღეს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ხვდებიან. როგორც პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, შეხვედრა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებების თემაზე შედგება. ოპოზიციური პარტიების წევრების მოსაზრებით, პრეზიდენტმა ცვლილებებს ვეტო უნდა დაადოს.