გურამ მაჭარაშვილი - შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს ხელი უკვე მოვაწერეთ, ახალი ვარიანტის შემოთავაზების საფუძველი ჩვენთვის გაუგებარია
გურამ მაჭარაშვილი - შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს ხელი უკვე მოვაწერეთ, ახალი ვარიანტის შემოთავაზების საფუძველი ჩვენთვის გაუგებარია

შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს ხელი უკვე მოვაწერეთ, დავადასტურეთ, რომ ჩვენი აზროვნება სახელმწიფოებრივია და ახლა ოპოზიციის პასუხს ველოდებით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დოკუმენტის ახალი ვარიანტის გამოქვეყნება საერთოდ არ იყო საჭირო.

„შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს ხელი უკვე მოვაწერეთ. რაც შეეხება ახალ ვარიანტს, ჩვენთვის საერთოდ გაუგებარია, ახალი ვარიანტის შემოთავაზების საფუძველი – რატომ არსებობდა ან რატომ არსებობს. ჩვენი მომეტებული პასუხისმგებლობის ფარგლებში პირველ ვარიანტზე ხელმოწერით დავადასტურეთ, რომ ჩვენი აზროვნება სახელმწიფოებრივია და ახლა ოპოზიციის პასუხს ველოდებით. ჩვენი აზრით, ახალი ვარიანტის შემოთავაზების საფუძველი საერთოდ არ არსებობდა, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ოპოზიცია ხელს არც ამ დოკუმენტს აწერს. რამდენჯერ უნდა დადასტურდეს, რომ ოპოზიციას არ ადარდებს არც სახელმწიფო და არც საზოგადოება, რომელიც მომხრეა, რომ პოზიცია და ოპოზიციაც პარლამენტში იხილოს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ახალი ვარიანტი საჭირო საერთოდ არ იყო.

პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოში არ იმყოფება, პრემიერ-მინისტრი და პარტიის აღმასრულებელი მდივანი თვითიზოლაციაში არიან. ასევე უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატიც თვითიზოლაციაშია, ამის გამო ვერ ხერხდება პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის შეკრება. ამაზე მეტი კონკრეტული პასუხი, სანამ პოლიტსაბჭოს სხდომა არ იქნება, ვერ გვექნება. ახალ შემოთავაზებაში ძირითადად ახალი არაფერია და მასში ჩამატებულია ჩვენ მიერვე ინიცირებული 40-პროცენტიანი მხარდაჭერის პრინციპი, თუმცა პროცენტებზე ვაჭრობა სწორად არ მიმაჩნია.

რაც შეეხება ე.წ. პოლიტპატიმრების თემებს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მზად ვიყავით, გვესაუბრა იმ ამნისტიასთან დაკავშირებით, რაც ჩვენ მიერ ხელმოწერილ დოკუმენტშია, ამაზეც ოპოზიციამ უარი განაცხადა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პოლიტიკურ პარტიებს ახალი დოკუმენტი გუშინ წარუდგინა. კერძოდ, შარლ მიშელის წარდგენილი ახალი დოკუმენტის მიხედვით, 2022 წელს დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თუ მმართველი პარტია ადგილობრივ არჩევნებში 43 პროცენტზე ნაკლებს მიიღებს.

ამასთან, შარლ მიშელის ​დოკუმენტის მიხედვით, შეთანხმების გაფორმებიდან ერთ კვირაში მხარეებმა პოლიტიზებულად აღქმული ორი საქმე უნდა განიხილონ.