გურამ მაჭარაშვილი - საზოგადოება ხედავს, როგორ აბარებს საქართველო კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე გამოცდას, ახლა ჯერი თავად ევროკავშირზეა
გურამ მაჭარაშვილი - საზოგადოება ხედავს, როგორ აბარებს საქართველო კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე გამოცდას, ახლა ჯერი თავად ევროკავშირზეა

საზოგადოება პირდაპირ ეთერში ხედავს, როგორ აბარებს საქართველო იმ გამოცდას, რასაც კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი ჰქვია. ახლა ჯერი თავად ევროკავშირზეა მათივე შეფასებებიდან გამომდინარე, რადგან მათ დასკვნაშია, რომ საქართველო პირველ ადგილზეა, თავსებადია ევროკავშირთან, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, ახლა გადაწყვეტილებაა მისაღები, ან რუსეთის სასარგებლოდ და საქართველოს საწინააღმდეგოდ, ან საქართველოს სასარგებლოდ და რუსეთის საწინააღმდეგოდ.

„ეს არის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ან არმინიჭება. რუსეთს არ უნდა, რომ სტატუსი გვქონდეს და საქართველოს უნდა. ახლა გადაწყვეტილება ევროკავშირმა უნდა მიიღოს, რომელიც ამბობს, რომ გვეხმარება, ქვეყანაში განვითარდეს ანტირუსული პროცესები. საზოგადოება დაინახავს, ევროკავშირი რეალურად გვეხმარება, რომ ავცდეთ რუსეთის გავლენას და ნაკლები იყოს თუ პირიქით, რუსეთს უტოვებს სივრცეს, რომ თქვას, ევროკავშირისთვის ყველაფერი გაკეთებული გაქვთ და სტატუსს მაინც არ გაძლევენო“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ სტოკჰოლმში ევროკავშირის ევროპის საკითხთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ ზეპირი ანგარიში წარადგინა.