გურამ მაჭარაშვილი – საქართველოში უცხოური თანხები იხარჯებოდა რადიკალურ აქციებში, საერთაშორისო მედიამ და გამოძიებამ ახლა თავადვე აღმოაჩინეს, ევროპის ქვეყნებშიც თურმე აფინანსებენ პიროტექნიკის შეძენას

15:03, 29.10.2026

ჩვენ უკვე დადასტურებულად ვიცით, რომ საქართველოში უცხოური თანხები იხარჯებოდა სწორედ რადიკალურ აქციებში — შტურმებზე, პიროტექნიკის შესაძენად და ასე შემდეგ. ჰოი, საოცრებავ, საერთაშორისო მედიამ და გამოძიებამ ახლა თავადვე აღმოაჩინეს, რომ ევროპის ქვეყნებშიც თურმე აფინანსებენ პიროტექნიკის შეძენას, — ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის შეფასებით, ევროპის ცენტრებში არეულობებს აწყობს სწორედ ის ხალხი, ვინც ეძებდა გზებს კანონმდებლობის გვერდის ავლით საქართველოში შავი ფულის გადმოსარიცხად.

„რა გამოდის? — ერთი ხელით თვითონ ეხმარებიან ხელისუფლებებში თავიანთ დასმულ პიროვნებებს და მეორე ხელით ეუბნებიან, ჭკვიანად იყავით, თორემ ჩამოგაგდებთ ძალადობრივი აქციებითო. აი, ეს არის ზუსტად „დიფ სთეითი“ და გლობალური ომის პარტია, რასაც ჩვენ ვამბობთ. თავისი, ევროკავშირის წევრი ქვეყნების სუვერენიტეტი აღარ უნდათ უკვე, ეუბნებიან 27 წევრი კი არა, 15 საკმარისია, შემდეგ ხუთზე ჩამოვლენ და საერთოდაც აღარ შეეკითხებიან ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, ისე მიიღებენ გადაწყვეტილებებს ევროკომისიაში. ფაქტი, რომ დაფინანსება არის სწორედ ევროკომისიიდან და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციიდან, ახალი არ არის. სამწუხაროდ, ჩვენ ეს არ გვიკვირს. გავიხსენოთ მათი განცხადება, როდესაც ჩვენ მივიღეთ, მათ შორის, ამერიკული „ფარას“ მსგავსი კანონი – თქვეს, ჩვენ ახლა ვეძებთ გზებს, საქართველოს კანონმდებლობას გვერდი როგორ ავუაროთ, რომ შავი ფული ჩავრიცხოთ საქართველოშიო. აი, ეს ხალხი იქნება ზუსტად ის, ვინც, მათ შორის, ახლა არეულობებს აწყობს ევროპის ცენტრებში“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ, უცხოურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საფრანგეთსა და იტალიაში საპროტესტო აქციების მხარდაჭერასა და ორგანიზებაში ჩართული ხუთი ორგანიზაცია და პროფკავშირი ევროკავშირის დაფინანსებას იღებდა.

მსგავსი