გურამ მაჭარაშვილი - საქართველო უკრაინას ყველა საერთაშორისო ფორმატში მხარს უჭერს და დგას იქ, სადაც არის ცივილიზებული სამყარო, აშკარაა, რომ საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობენ, რასაც საზოგადოება არ აყვება
გურამ მაჭარაშვილი - საქართველო უკრაინას ყველა საერთაშორისო ფორმატში მხარს უჭერს და დგას იქ, სადაც არის ცივილიზებული სამყარო, აშკარაა, რომ საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობენ, რასაც საზოგადოება არ აყვება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, საქართველო უკრაინას ყველა საერთაშორისო ფორმატში მხარს უჭერს და დგას იქ, სადაც არის ცივილიზებული სამყარო.

მისივე თქმით, საქართველო გმობს რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინაში და უკრაინას ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს.

„მგონი, დღეს ნამდვილად არ არის ის დრო, ვინმემ ეჭვქვეშ მაინც დააყენოს, სად პოზიციონირებს საქართველო უკრაინის მხარდასაჭერად. საქართველო მკვეთრად დგას უკრაინის მხარდასაჭერად. აშკარაა, რომ სამწუხაროდ, საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ და ამას საზოგადოება არ აყვება.

„ნაცმოძრაობის“ ლიდერმა უკრაინის ერთ-ერთ არხზე პირდაპირ გამოაცხადა, რომ ისინი ყველაფერს აკეთებენ, რათა საქართველოს ხელისუფლება ჩამოაგდონ. ამას ამბობენ მაშინ, როცა მთელი მსოფლიო მობილიზებულია, უკრაინას დაეხმაროს და ომი შეჩერდეს. ამ დროს ოპოზიციამ მოიცალა იმისთვის, რომ ამის ფონზე უნდათ, ხელისუფლება ძალადობრივად ჩამოაგდონ. არ მგონია, ვინმე ვერ ხვდებოდეს, ვის და რატომ უნდა საქართველოში ომის დაწყება“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

რაც შეეხება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, მაჭარაშვილის განმარტებით, უკრაინის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მიმართ უკრაინის მხარდაჭერაში ეჭვის შეტანის ვერანაირ საფუძველს ვერ ხედავს.

„ვერც ერთ ფაქტს ვერ მოიყვანენ ვერც საერთაშორისო დონეზე, ვერც ჰუმანიტარული თვალსაზრისით და ვერც პოლიტიკური მხარდაჭერის კუთხით, რომ საქართველო ოდნავ მაინც შეფერხდა უკრაინის მხარდასაჭერად. სამწუხაროდ, უკრაინაში ომის მდგომარეობაა, რასაც ვითვალისწინებთ. ეს პროცესი მიმართულია უკრაინის მხარდასაჭერად. მოვა დრო, როცა ყველა კითხვას სათანადო პასუხი გაეცემა“, – განუცხადა გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს.