გურამ მაჭარაშვილი - საქართველო პრაგმატულ პოლიტიკას აწარმოებდა და არასდროს გვითქვამს, რომ ჩვენ ვართ ან ამერიკის სახელმწიფოს, ან ევროპის სახელმწიფოების წინააღმდეგ
როგორც წესი, საქართველოში პრაგმატულ პოლიტიკას ვაწარმოებდით და არასდროს გვითქვამს, რომ ჩვენ ვართ ან ამერიკის სახელმწიფოს, და მით უმეტეს, ხალხის, ან ევროპის სახელმწიფოების, და მით უმეტეს, საზოგადოების წინააღმდეგ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„ეს ჩვენ ყველგან დაფიქსირებული გვაქვს. ჩვენ ვიყავით იმ „დიფ სთეითის“ და „გლობალური ომი პარტიის“ წინააღმდეგ, რომლებსაც ვებრძოდით, რადგან ისინი ჩვენ გვებრძოდნენ. შეგვიძლია გავიხსენოთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, თავად პრეზიდენტის სიტყვები. რას ამბობენ ისინი? სწორედ იმას ამბობენ, რასაც „ხალხის ძალა“ ორი-სამი წლის განმავლობაში ვწერდით, რომ „დიფ სთეითი“ იბრძვის სხვა ქვეყნებში, ერევა პოლიტიკაში და უნდა ომები და არა – მშვიდობა. ეს უკვე ამერიკელი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის მხრიდან დადასტურდა.
ახლა კითხვა მაქვს: როდესაც ტრამპს ლანძღავენ, აგინებენ, ეს ანტიამერიკული განცხადებები არ არის? როდესაც ჩვენ მოკრძალებულად ვამბობდით, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივანი თუ პრესმდივანი საქართველოს უსამართლოდ აკრიტიკებდა, ეს არ არის სწორიო და ანტიამერიკული არისო. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, პირველი სახელმწიფო ამერიკაა და მის პრეზიდენტსა და სახელმწიფო მდივანზე თუნდაც კრიტიკას რომ გამოთქვამ, ეს ხომ ანტიამერიკულიოა და ახლა კითხვა მაქვს: ანტიამერიკული აღარ არის დღევანდელი ამერიკის პრეზიდენტის, სახელმწიფო მდივნისა და თანამდებობის პირების ლანძღვა? ახლა როგორ არის ეს? ახლა ჩვენ გავხდით პროამერიკელები და კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ გახდა ანტიამერიკელები? აი, როგორ შეტრიალდა დრო“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.