გურამ მაჭარაშვილი - პრეზიდენტის ადმინისტრაციას არ გააჩნია რესურსი, რომ სწორი ეკონომიკური და ფინანსური ინფორმაცია ჰქონდეს, თუ რამდენად სწორი იქნებოდა ქვეყნისთვის სესხის აღება
გურამ მაჭარაშვილი - პრეზიდენტის ადმინისტრაციას არ გააჩნია რესურსი, რომ სწორი ეკონომიკური და ფინანსური ინფორმაცია ჰქონდეს, თუ რამდენად სწორი იქნებოდა ქვეყნისთვის სესხის აღება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილმა 19 აპრილის შეთანხმებაზე „ნაციონალური მოძრაობის“ არასწორი, უაზრო და უადგილო ხელმოწერა აბსოლუტურად სწორად შეაფასა.

როგორც ჟურნალისტებს მაჭარაშვილმა განუცხადა, საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობის არანაირი პრობლემა არ გააჩნია, მათ შორის პოლიტიკურ ნაწილში, მაგრამ ფინანსური ოპერაციის ჩატარება რამდენად სწორი იყო, ამის თაობაზე გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მიიღო.

„რაც შეეხება სესხის ნაწილს, ევროკავშირის მხრიდან სესხის მისაღებად რა წინაპირობებიც იყო დაყენებული, ჩვენი მხრიდან ყველაფერი შესრულებულია. ქვეყნისთვის სესხის აღებისა და ფინანსური საჭიროების საკითხს კი წყვეტს საქართველოს მთავრობა, რომელსაც გააჩნია ამის ვალდებულებაც, უფლებამოსილებაც და რესურსიც, სად რომელი ფინანსური ოპერაცია ჩაატაროს ან არ ჩაატაროს. საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, რამდენად სწორი იყო სესხის აღება. ამ მიმართულებით პრეზიდენტმა გარკვეული კითხვები დასვა, თუმცა, როგორც ვიცით, მის ადმინისტრაციას არ გააჩნია ის რესურსი, რომ სწორი ეკონომიკური და ფინანსური ინფორმაცია ჰქონდეს, თუ რამდენად სწორი იქნებოდა ქვეყნისთვის ამ სესხის აღება. ალბათ  მისი კითხვაც იქიდან გამომდინარეობს, რომ ამ ინსტიტუციას ასეთი ინფორმაცია არ აქვს. ჩვენ რომ დავფიქრდით, სწორი იყო თუ არა ამ ოპერაციის ჩატარება, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ ეტაპზე სესხის აღება საჭირო არ იყო“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.