გურამ მაჭარაშვილი – საკონსტიტუციო სარჩელის მომზადების მოთხოვნა ჩვენს ამომრჩეველს ჰქონდა, დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივნის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სარჩელის მომზადების მოთხოვნა „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს ჰქონდა.
მისივე თქმით, სარჩელში შესული პარტიები საკუთარ ქვეყანას უკვე საჯაროდ აზიანებენ.
„თურმე სუვერენიტეტი უნდა დავუთმოთ ბრიუსელს, სამხედრო კონფლიქტში უნდა შევიდეთ რუსეთის ფედერაციასთან, ლგბტ პროპაგანდა შევუშვათ არასრულწლოვანებში და ასე შემდეგ. რაც მთავარია, ცხრა წლის განმავლობაში და 2012 წლიდან დღემდე „ნაციონალური მოძრაობა“, თავის ფილიალებთან ერთად, აზიანებდა სახელმწიფოს და დღემდე აზიანებს. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ერთად დაველოდოთ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“, პოლიტიკურმა ჯგუფებმა – „ხალხის ძალამ“ და „ევროპელმა სოციალისტებმა“ მოამზადეს ერთობლივი კონსტიტუციური სარჩელი, რომლითაც მოთხოვნილია სამი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და მათი აკრძალვა. ეს პარტიებია: მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროა“; მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“.