გურამ მაჭარაშვილი - საინტერესოა, შეხვედრაზე აშშ-ის ელჩის მხრიდან ივანიშვილის მიმართ ხომ არ იყო შეთავაზება, რომ ჩართულიყო პოლიტიკაში
გურამ მაჭარაშვილი - საინტერესოა, შეხვედრაზე აშშ-ის ელჩის მხრიდან ივანიშვილის მიმართ ხომ არ იყო შეთავაზება, რომ ჩართულიყო პოლიტიკაში

საქართველოს პარლამენტის წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და კელი დეგნანის შეხვედრაზე შინაარსთან დაკავშირებით კითხვები არსებობს.

მისივე თქმით, მათ შორის კითხვა შეეხება იმას, შეხვედრაზე ელჩის მხრიდან ივანიშვილის მიმართ ხომ არ იყო შეთავაზება, რომ ჩართულიყო პოლიტიკაში.

„მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა ბატონი ბიძინა ივანიშვილის წერილი და პრინციპში, ეს შეხვედრა არ უარყო არც შეერთებული შტატების ელჩმა, არსებობს ძალიან ლეგიტიმური კითხვა, რომ ამ სამი საათის განმავლობაში ხომ არ ჰქონდა კითხვა ელჩს მაგალითად, მთავრობასთან დაკავშირებით, უკმაყოფილება ხომ არ გამოთქვა, მათ შორის ჩვენს ომთან დამოკიდებულებაზე, სანქციებთან დაკავშირებით, ხომ არ იყო კითხვა და ამის შემდგომ ხომ არ იყო ერთგვარი შეთავაზება ბიძინა ივანიშვილისთვის მის პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით.

ანუ მას შემდეგ, რაც პრაქტიკულად ორივე მხარემ დაადასტურა, რომ ეს შეხვედრა შედგა, თან ეს შეხვედრა ემთხვევა უკვე ომის მდგომარეობას, ბუნებრივია, ამ დროს საინტერესოა, ელჩის მხრიდან ბატონი ბიძინას მიმართ ხომ არ იყო შეთავაზება, რომ ჩართულიყო პოლიტიკაში, ან მანამდე ხომ არ გამოთქვა ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილება იმის გამო, რომ ჩვენ სანქციები ვერ დავაწესეთ გარკვეული ობიექტური მიზეზების გამო. კარგი იქნებოდა, თუ ელჩი ამ კითხვებზე პასუხს გასცემდა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც სხვა საკითხებთან, ერთად საქართველოში აშშ-ის ელჩთან შეხვედრაზე ისაუბრა და განაცხადა: „შეხვედრა აშშ-ის ელჩის თხოვნით 21 მარტს ნამდვილად შედგა, ის დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა“.

ამასთან, საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა: „ბიძინა ივანიშვილმა როგორც დაადასტურა, მას ბოლოს 21 მარტს შევხვდი. შეხვედრებზე არასოდეს ყოფილა საუბარი საქართველოს ჩართვაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში ან „შანტაჟზე“.