გურამ მაჭარაშვილი - საერთაშორისო დასკვნები არსებობს, რომ საქართველო ნატო-სთან თავსებადი ქვეყანაა, რა არის საფუძველი, რომ ქვეყანას ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე უარი უთხრან?
საქართველო რომ ნატო-სთან თავსებადი ქვეყანაა, ამაზე საერთაშორისო დასკვნები არსებობს. რა საფუძველი არსებობს, რომ საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე უარი უთხრან? – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, საქართველო ნატო-სთან თავსებადი ქვეყანაა.
„საქართველომ ნატო-სთან მიმართებით რომელი გამოცდა ვერ ჩააბარა? დოკუმენტი წარმოადგინონ, რომელი გამოცდა ვერ ჩავაბარეთ. ქართველმა სამხედროებმა სიცოცხლე, ჯანმრთელობა არ დაიშურეს და ამისთვის ნატო-ს ხელმძღვანელობისგან მადლობები აქვთ მიღებული. საქართველო რომ ნატო-სთან თავსებადი ქვეყანაა, ამაზე საერთაშორისო დასკვნები არსებობს. რა საფუძველი არსებობს, რომ საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე უარი უთხრან? რაც შეეხება გადაწყვეტილებას, რომ, ერთი მხრივ, წვრთნებს აჩერებენ, მეორე მხრივ, საქართველოს იწვევენ, როგორც ასპირანტ ქვეყანას, სწორედ ეს არის ქვეყნის მიმართ უსამართლო მიდგომა, რომ ტრადიციული ცხოვრება დავთმოთ და ლგბტ ცხოვრებას „მივაწვეთ“, სუვერენიტეტი უარვყოთ და სუვერენიტეტის გასაღები სხვა ქვეყანას ჩავაბაროთ. ეს არ გამოვა, რადგან ჩვენი მიზანია, სუვერენიტეტის ხარისხი ავამაღლოთ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვის ფარგლებში, საქართველოში „ღირსეული პარტნიორის“ სწავლებას აშშ განუსაზღვრელი ვადით გადადებს.