გურამ მაჭარაშვილი - მართლმსაჯულებასთან, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით, დარწმუნებული ვარ, ევროკავშირი ამას ხედავს და აფასებს
გურამ მაჭარაშვილი - მართლმსაჯულებასთან, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით, დარწმუნებული ვარ, ევროკავშირი ამას ხედავს და აფასებს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, მოლოდინი არსებობს იმის, რომ რეალური სიტუაციის საფუძველზე ოპოზიცია დაინახავს, რომ მათ სჭირდებათ პოლიტიკური სტატუსის შენარჩუნება იმისთვის, რომ ჯერ თვითმმართველობის არჩევნებისთვის მოემზადონ, ხოლო შემდეგ საპარლამენტო არჩევნებისთვის.

ჟურნალისტებთან საუბარში გურამ მაჭარაშვილი მოლაპარაკებების პროცესს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ შეთანხმება სჭირდება ქვეყანას. დეპუტატის თქმით, ოპოზიციის ამომრჩევლის პოზიციაა, რომ მათ ოპონირება მმართველ გუნდს გაუწიონ პარლამენტში და არა – ქუჩაში.

„პოლიტიკაში კომპრომისი არის სიძლიერე და არა სისუსტე. კრისტიან დანიელსონი ევროკავშირის წარმომადგენელია და ბუნებრივია, მისთვის ამოსავალი წერტილი იქნება ევროსტრუქტურების დადგენილებების შეფასება საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, რომ ეს არჩევნები იყო ლეგიტიმური. ოპოზიციის მოთხოვნები საარჩევნო სისტემასთან თუ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით არსებობს და ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით. დარწმუნებული ვარ, ევროკავშირი ამას ხედავს და აფასებს. ჩვენი მხრიდან ეს არის მაქსიმალური კომპრომისი, რაც შეიძლება გაკეთდეს. რაც შეეხება ოპოზიციას, მათი მხრიდან კომპრომისი შეიძლება იყოს ის, რომ რეალობა შეაფასონ, რომელშიც საქართველო ცხოვრობს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.