გურამ მაჭარაშვილი - სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის სურვილი ახირებას ჰგავს და ეს მისი ამომრჩევლის უმრავლესობასაც აღარ აინტერესებს
გურამ მაჭარაშვილი - სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის სურვილი ახირებას ჰგავს და ეს მისი ამომრჩევლის უმრავლესობასაც აღარ აინტერესებს

სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის სურვილი ახირებას ჰგავს და ეს მისი ამომრჩევლის უმრავლესობასაც კი აღარ აინტერესებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, ყველამ თავის დანაშაულზე უნდა აგოს პასუხი და არ შეიძლება, რომ ერთი პიროვნებისთვის განსაკუთრებული კანონმდებლობა შემუშავდეს.

„ალბათ რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერებს აინტერესებთ, ნიკა მელია რა ფაქტორია „ნაციონალურ მოძრაობაში“, რადგან ამ პარტიაში რამდენიმე მიმდინარეობა არსებობს. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, საზოგადოებას მისი საკითხი აღარ აინტერესებს, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დაცულია. მისი სურვილები იმის თაობაზე, რომ უნდა, ხელისუფლებაში იყოს, ახირებას ჰგავს და ეს მისი ამომრჩევლის უმრავლესობასაც კი აღარ აინტერესებს. მიხეილ სააკაშვილის ბრალდებულ/მსჯავრდებულის სტატუსი მოითხოვს, მან სასჯელი მოუხადოს. მისთვის არავის დაუძალებია, რომ უკრაინაში წასულიყო და საქართველოს მოქალაქეობაზე უარი ეთქვა, არც ის, რომ დანაშაულები ჩაედინა. აქედან გამომდინარე, ყველამ თავის დანაშაულზე პასუხი უნდა აგოს. არ შეიძლება, ერთი პიროვნებისთვის განსაკუთრებული კანონმდებლობა შემუშავდეს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

რაც შეეხება სააკაშვილის შეწყალების საკითხს, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, პრეზიდენტმა ამაზე პოზიცია არაერთხელ დააფიქსირა.

„რამდენჯერ შეიძლება, ამ საკითხზე პრეზიდენტის პოზიცია მოვიკითხოთ, რომელმაც სულ მცირე ორჯერ უკვე პოზიცია დააფიქსირა“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.