გურამ მაჭარაშვილი - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რა განცხადებაც არ უნდა გააკეთოს, ნებისმიერ საკითხზე მხოლოდ და მხოლოდ იმ ფორმატში ვისაუბრებთ, რაც საქართველოს ინტერესებში იქნება
გურამ მაჭარაშვილი - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რა განცხადებაც არ უნდა გააკეთოს, ნებისმიერ საკითხზე მხოლოდ და მხოლოდ იმ ფორმატში ვისაუბრებთ, რაც საქართველოს ინტერესებში იქნება

რუსეთის განცხადება, სულ მცირე, ნიშნავს იმას, რომ ჩვენ სწორი პოლიტიკით მივდივართ, ვინც რუსეთუმეობას აბრალებს საქართველოს სახელმწიფოს და ხელისუფლებას, ეს განცხადება ყველაფერს აქარწყლებს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.​

მისი თქმით, ეს განცხადება ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ინტერესებში რაც იქნება, მხოლოდ და მხოლოდ ამ ფორმატში იქნება საუბარი ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით.

„პირველ რიგში ვსაუბრობ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც, დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ძლიერი პოზიციებით მშვიდობიან ფორმატში შევძლებთ, რომ საქართველოში იყოს თანაცხოვრება ჩვენს ოს და აფხაზ ძმებთან ერთად. ჩვენ, რა თქმა უნდა, დეოკუპაციას ვუჭერდით და მომავალშიც მხარს დავუჭერთ. იმედი გვაქვს, რომ მშვიდობიან ფორმატში მოვახდენთ თანაცხოვრებას აფხაზ და ოს ძმებთან, მაგრამ ამას ნაბიჯების გადადგმა სჭირდება. ეს ნაბიჯები გადაიდგმება მხოლოდ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე და იმ პრინციპების დაცვით, რასაც ჰქვია ერთიან საქართველოში თანაცხოვრება აფხაზ და ოს ძმებთან ერთად. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რა განცხადებაც არ უნდა გააკეთოს, ეს პრინციპი იყო და იქნება, განსხვავებით „ნაცმოძრაობის“ რეჟიმისა, რომლებიც რუსეთთან მიმართებით დღეში სამჯერ იცვლიდნენ პოზიციას. საუბარი საერთოდ არ არის და არც ყოფილა დიპლომატიურ ურთიერთობებზე. საუბარი შეიძლება იმ პრინციპებზე, რასაც ერთიან საქართველოში თანაცხოვრება ჰქვია ჩვენს აფხაზ და ოს და-ძმებთან ერთად. ამ საკითხთან და ამ ფორმატში შეიძლება, იყოს გარკვეული დიალოგი. ყოველთვის იქნება ნაბიჯები გადადგმული, რომ ის იდეა იქნეს მიღწეული, რასაც ერთიან საქართველოს თანაცხოვრება ჰქვია“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს: „რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო – რუსეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის განახლების წინაპირობები არ არსებობს“.