გურამ მაჭარაშვილი - „ქართულ ოცნებას“ კონკურენცია ისევ „ნაცმოძრაობასთან“ უწევს, პოლიტიკური პარტიები თუ ვერ შეძლებენ ამ პარტიის ჩანაცვლებას, „ნაცმოძრაობა“ მათ განვითარების საშუალებას არასდროს მისცემს
გურამ მაჭარაშვილი - „ქართულ ოცნებას“ კონკურენცია ისევ „ნაცმოძრაობასთან“ უწევს, პოლიტიკური პარტიები თუ ვერ შეძლებენ ამ პარტიის ჩანაცვლებას, „ნაცმოძრაობა“ მათ განვითარების საშუალებას არასდროს მისცემს

„ქართულ ოცნებას“ კონკურენცია ისევ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ რომ უწევს, ეს იმას ნიშნავს, რომ თუ პოლიტიკური პარტიები ვერ შეძლებენ და ოპოზიციაში ამ პარტიას ვერ ჩაანაცვლებენ, მათ „ნაცმოძრაობა“ საშუალებას არასდროს მისცემს, რომ განვითარდნენ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა.

დეპუტატმა ოპოზიციის შანსებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პოლიტიკური ძალების მხრიდან თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული, რომ მცირე მხარდაჭერის მქონე პარტიებს განვითარების საშუალება მიეცეთ, რათა ხელისუფლების ჯანსაღი კონკურენტები გახდნენ.

„ყველა პოლიტიკურმა ძალამ ნება უნდა იბოძოს და ამ არჩევნებისთვის მოემზადოს. თუ 2024 წლისთვის სხვა პოლიტიკური პარტიები არ მოემზადებიან, 2024 წლისთვის არაფერი განსხვავებული მოცემულობა არ იქნება. ოპოზიცია რომ არ ემზადებოდა თვითმმართველობის არჩევნებისთვის, ეს სახეზეა, რადგან კანდიდატებს ან ვერ პოულობენ, ან ოჯახის წევრებს ასახელებენ, ან შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ასახელებენ. ბუნებრივია, ეს აუცილებლად უარყოფითად აისახება მათ საარჩევნო შედეგებზე. პოლიტიკურ პარტიებს ვერ ექნებათ ვერანაირი პერსპექტივა, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“ იტყვის, რომ ქვეყანაში მეორე პოლიტიკური ძალაა. ამ პოლიტიკური ძალის დღის წესრიგი ცნობილია საერთაშორისო დონეზე და მათი სავიზიტო ბარათია – სისტემური დანაშაულის მქონე პოლიტიკური ძალა. ბუნებრივია, სანამ სხვა პოლიტიკური ძალები ამ ბარიერს ვერ გადალახავენ, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია, პერსპექტივა არ ექნებათ არც პარლამენტში, არც საკრებულოში. თვითმმართველობის არჩევნებზე მათი შანსები ძალიან მცირეა, შეიძლება სადღაც საკრებულოში ერთი ან ორი წევრი შეიყვანონ, მაგრამ ეს პოლიტიკურ ამინდს ვერ შექმნის, ვერ განვითარდებიან, სანამ ასეთ პოლიტიკურ ლაბირინთში ამყოფებთ ე.წ. მთავარი ოპოზიციური ძალა“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.