გურამ მაჭარაშვილი - პრემიერის მიერ დაანონსებული განათლების რეფორმა სათავეს დაუდებს იმ ძირეულ განათლებას, რომელიც საბაზისოდ სკოლებიდან დაიწყება და უმაღლეს სასწავლებლებში გაგრძელდება
პრემიერის მიერ დაანონსებული განათლების რეფორმა საქართველოში სათავეს დაუდებს იმ ძირეულ განათლებას, რომელიც საბაზისოდ სკოლებიდან დაიწყება და უმაღლეს სასწავლებლებში გაგრძელდება, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, განათლების რეფორმა ემსახურება იმას, რომ საქართველოს ჰყავდეს განათლებული მოქალაქე და ჰქონდეს პროდუქტიული შედეგი.
„განათლების სისტემაში პრობლემები და გამოწვევები იყო და დღემდე არსებობს. ეს ყველაფერი გამოწვეული იყო იქიდან, რომ გარკვეული ტიპის გრძელვადიან პერსპექტივაში გეგმები და პლატფორმები არ იყო. პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებული განათლების რეფორმა, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, გივი მიქანაძე მაღალი ხარისხით შეასრულებს, რა თქმა უნდა, საქართველოში სათავეს დაუდებს იმ ძირეულ განათლებას, რომელიც საბაზისოდ სკოლებიდან დაიწყება და უმაღლეს სასწავლებლებში გაგრძელდება. დაანონსებული რეფორმა ოპტიმალური ვარიანტია. ყველა ჩამონათვალი, რომელიც ითქვა, ემსახურება იმას, რომ საქართველომ განათლებული მოქალაქე და პროდუქტიული შედეგი მიიღოს. ეს არის მოცემულობა. ბუნებრივია, ამას გარკვეული პერიოდი სჭირდება. შეიძლება, რამდენიმე წელი, მაგრამ, სამაგიეროდ, ეს ის რეფორმა იქნება, რომელიც საქართველოში სწორ მიმდინარეობას სათავეს დაუდებს.
სამწუხარო მოცემულობაა, რომ „ნაცმოძრაობაში“ მოღრეცილი, უკუღმა აზროვნებაა. რაც კარგია, მათ შორის ევროპული ტრადიციების მიხედვით, მათთვის ეს მიუღებელია, რადგან ასე უნდათ, რომ აზროვნებდნენ. საქართველოსთვის კარგი არაფერი არ არსებობს. სწორი ფორმულირება იქნება: რაც უარესი საქართველოსთვის, მით უკეთესი „ნაცმოძრაობისთვის“. ეს მათი დევიზია, რასაც არც მალავენ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.