გურამ მაჭარაშვილი - პარტიის თავმჯდომარე ხაბეიშვილია და სააკაშვილმა ახლა სხვა დანიშნა წარმომადგენლად, ეტყობა, ხაბეიშვილს აეჭვიანებს
გურამ მაჭარაშვილი - პარტიის თავმჯდომარე ხაბეიშვილია და სააკაშვილმა ახლა სხვა დანიშნა წარმომადგენლად, ეტყობა, ხაბეიშვილს აეჭვიანებს

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხაბეიშვილია და სააკაშვილმა ახლა სხვა დანიშნა წარმომადგენლად. ეტყობა, ხაბეიშვილს აეჭვიანებს, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილი გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სოფო ჯაფარიძის დღევანდელ განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის სახელით ხვალიდან საარჩევნო კამპანიას იწყებს.

გურამ მაჭარაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ რამდენიმე ნაწილადაა გაყოფილი და პარტიაში წევრებს შორის უთანხმოებაა.

„სააკაშვილმა თავისი პოლიტიკური მოღვაწეობა რომ დაასრულა, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ მის მიერ შექმნილი პარტია ხუთ თუ ათ ნაწილადაა დაყოფილი. რაც ყველაზე მთავარია, ამ დანაწევრებულ პოლიტიკურ ძალებშიც კი არის შეუთანხმებლობა. ამიტომაცაა, რომ თავმჯდომარე ხაბეიშვილია და ახლა სხვა დანიშნა წარმომადგენლად. ეტყობა, ხაბეიშვილს აეჭვიანებს. შემდეგ შევა გვარამია და კიდევ სხვა. ყველა იჩემებს, რომ, მათი აზრით, პატიმარ სააკაშვილის ჯერ კიდევ დარჩენილი რეიტინგი გამოიყენოს, მაგრამ ვერ ხვდებიან, რომ ამ ადამიანს რეიტინგი აღარ აქვს. ეს კარგა ხანია, დასრულდა, გაცილებით ადრე, ვიდრე პოლიტიკურ პარტიებს ჰგონიათ. ვინც არ უნდა იყოს, სოფო ჯაფარიძე იქნება, გვარამია თუ ნებისმიერი სხვა, საზოგადოება ვერაფერს ახალს ვერ ეტყვის, გარდა იმისა, რომ მათივე ამომრჩეველი მიხვდა, ეს არ არის პარტია, რომელსაც მხარი უნდა დაუჭირონ. არ ვიცი, 2024 წლისთვის ძალებს როგორ გადაანაწილებენ, მაგრამ ფაქტია, ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრში ხდება ის, რასაც ჩვენ ვამბობდით. იმსხვრევა ნარატივი, რომ ერთი მძლავრი პარტია არსებობს – ნაწილებად იშლება და ახლა საზოგადოებას, მათ შორის ოპოზიციურად განწყობილს, საშუალება აქვს, სწორად გადაანაწილოს თავისი ხმები ოპოზიციურ პარტიებში“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.