გურამ მაჭარაშვილი – ოპოზიციურმა პარტიებმა მოლაპარაკებები ჩაშალეს, მაგრამ მათ ევროკავშირმა სიურპრიზის სახით კრისტიან დანიელსონის საქართველოში ვიზიტი დაუანონსა
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ოპოზიციურმა პარტიებმა მოლაპარაკებები ჩაშალეს და სურდათ, საქმიანობა ქუჩაში დაეწყოთ, მაგრამ მათ ევროკავშირმა სიურპრიზის სახით კრისტიან დანიელსონის საქართველოში ვიზიტი დაუანონსა.
როგორც ჟურნალისტებს მაჭარაშვილმა განუცხადა, კრისტიან დანიელსონის საქართველოში ჩასვლის დაანონსება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ „ქართული ოცნების“ მიერ შეთავაზებულ წინადადებებში იყო პრაგმატული შეთავაზებები და რესურსი, რომლის საფუძველზეც შეიძლებოდა შეთანხმების მიღწევა, თუმცა ოპოზიციამ ეს არ ისურვა.
„ჩვენ დღესაც ვამბობთ, რომ მოლაპარაკებების რესურსი არსებობს და ამისთვის მზად ვართ. ევროპულმა სტრუქტურებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში საქართველო დაახლოებულია ევროკავშირს, ნატო-სა და ზოგადად, ევროატლანტიკურ სივრცეს. აქედან გამომდინარე, კანონზომიერია, რომ ოპოზიციას მოუწევს, შეთანხმებაზე საუბარი და ლოგიკურ და პრაგმატულ წინადადებებზე დათანხმება, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში აუცილებლად შეივსება ის ველი, რომელსაც რომელიმე ოპოზიციური პარტია დათმობს და თვითმმართველობის არჩევნების საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ პროევროპულია და ამ დროს ევროსტრუქტურების პოზიციას ეწინააღმდეგება, რომელიც აღნიშნავს, რომ არჩევნები ლეგიტიმურია და მათ ევროკავშირი პარლამენტში შესვლას მოუწოდებს. ისინი ამას უგულებელყოფენ და კითხვები ჩნდება იმაზე, ისინი საზოგადოებამ როგორც ოპოზიციური პროევროპული პარტია, ისე აირჩიოს. იმედი მაქვს, რადიკალურ ფრთას რაღაც გონიერება ეყოფა და ისეთ შეთანხმებას დაეთანხმება, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოს ნორმალურ, სტაბილურ განვითარებას და ერთგვარად, თავის თავს გადაარჩენენ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობით და ამით თავის პოლიტიკურ სტატუსს შეინარჩუნებენ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.