გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიციის მხრიდან დასაფიქსირებელი იქნება, რამდენად სურთ კომიტეტის თავმჯდომარეობა „არალეგიტიმურ“ პარლამენტში
გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიციის მხრიდან დასაფიქსირებელი იქნება, რამდენად სურთ კომიტეტის თავმჯდომარეობა „არალეგიტიმურ“ პარლამენტში

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ოპოზიციის მხრიდან დასაფიქსირებელი იქნება პოზიცია, რამდენად სურთ კომიტეტის თავმჯდომარეობა „არალეგიტიმურ“ პარლამენტში.

ჟურნალისტებთან საუბარში გურამ მაჭარაშვილი ძალაუფლების გადანაწილების საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ძალაუფლების გადანაწილების ვადა საშემოდგომო სესიამდეა, თუმცა მანამდე ოპოზიციასთან კონსულტაციები გაიმართება.

„მათ თუ რაიმე შემოთავაზებები ექნებათ, ეს ორმხრივი საკითხია და საშემოდგომო სესიამდე მისი გადაწყვეტის ვადა არსებობს. ოპოზიციის მხრიდან იქნება დასაფიქსირებელი პოზიცია, „არალეგიტიმურ“ პარლამენტში რამდენად უნდათ კომიტეტის თავმჯდომარეობა.

„ნაცმოძრაობის“ ერთი ნაწილი ამბობს, რომ ის არის პარლამენტის წევრი და იმუშავებს პარლამენტში, მეორე ნაწილი ამბობს, რომ ის არის არალეგიტიმური პარლამენტის წევრი, მესამე ნაწილის თქმით კი გარდამავალი პარლამენტის წევრია, მეოთხე ამბობს, რომ საერთოდ არ უნდოდა და მეგობარ კოლეგას შემოჰყვა პარლამენტში. ჩამოყალიბდნენ და ამ შემთხვევაში შეიძლება, განვიხილოთ დანარჩენი გადანაწილების საკითხი”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

დატოვე კომენტარი