გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიციას მაქსიმალურად ვაძლევთ საშუალებას, რომ საპარლამენტო საქმიანობა დაიწყონ
გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიციას მაქსიმალურად ვაძლევთ საშუალებას, რომ საპარლამენტო საქმიანობა დაიწყონ

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, მაქსიმალურად ცდილობენ, პარლამენტის ოპოზიციონერ წევრებს მისცენ საშუალება, რომ საპარლამენტო საქმიანობა დაიწყონ. ამავე დროს, როგორც მაჭარაშვილი ამბობს, მკაცრად იქნება დაცული პარლამენტის რეგლამენტი.

„ოპოზიციონერებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე ორი კომპონენტია – პოლიტიკური მდგენელი და სამართლებრივი, წმინდა პროცედურული ხასიათი. ჩვენ მაქსიმალურად ვითვალისწინებთ იმას, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები არ დაზიანდეს და საპარლამენტო ოპოზიციას მაქსიმალურად ვაძლევთ საშუალებას, რომ საპარლამენტო საქმიანობა დაიწყონ. ასევე ცნობილია, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და ელჩები სრულ თანხვედრაში არიან „ქართული ოცნების” პოზიციასთან, რაც საპარლამენტო ოპოზიციის საპარლამენტო საქმიანობის დაწყებას ეხება.

აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ ჩვენ სამართლებრივ მექანიზმებს ბოლომდე მივცემთ ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომ მათ თავიანთი როლი შეასრულონ, რაც ხალხმა დააკისრათ. მეორე მხრივ, მკაცრად დავიცავთ რეგლამენტის მოთხოვნებს, რაც გათვალისწინებულია პარლამენტის რეგლამენტში. საპარლამენტო ოპოზიციის წევრებმა განცხადებები სხვადასხვა დროს დაწერეს და ვადები სხვადასხვაა. საპროცედურო საკითხთა კომიტეტი განცახდებებს სკულპულოზურად სწავლობს და მკაცრად დავიცავთ რეგლამენტის მოთხოვნებს. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ცალ-ცალკე მოხდება ოპოზიციონერების მიმართვის განხილვა. დეპუტატებს საშუალება ექნებათ, ამ საკითხს მხარი დაუჭირონ, ან არ დაუჭირონ“, – განაცხადა გურმა მაჭარაშვილმა.