გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიცია არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის ემზადება, მაგრამ საზოგადოებისგან მკაცრ პასუხს მიიღებენ
გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიცია არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის ემზადება, მაგრამ საზოგადოებისგან მკაცრ პასუხს მიიღებენ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიები ემზადებიან თვითმმართველობის არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის, მაგრამ მათ ქმედებებს საზოგადოება იმ მკაცრ პასუხს გასცემს, როგორიც საპარლამენტო არჩევნებზე მიიღეს.

როგორც ჟურნალისტებს მაჭარაშვილმა განუცხადა, საზოგადოების უმეტესობა იმ პოზიციაზეა, რომ ადგილობრივ ხელისუფლებებში უნდა გაგრძელდეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკა.

„საზოგადოების მხრიდან მივიღეთ გამოწვევები, შენიშვნები, პრეტენზიები. ვიცით, რა შეიძლება იყოს მომავალი ოთხი წლის განმავლობაში გასაკეთებელი. ეს არის დემოკრატიის ის ნაწილი, როცა პარტია მოსახლეობას ეკითხება, შემდეგი ოთხი წელი რით უნდა იყოს დაკავებული. „ქართული ოცნების“ გამარჯვების შანსი იმდენად მაღალია, რამდენადაც ოპოზიცია დაკავებული არ არის წინასაარჩევნო კამპანიით. დაკავებულია მხოლოდ იმით, რომ როგორმე სენსაცია მოძებნოს, პროვოკაციები მოაწყოს. ისინი ემზადებიან არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის, მაგრამ საზოგადოებისგან იმ მკაცრ პასუხს მიიღებენ, რომელიც საპარლამენტო არჩევნებზე მიიღეს, რადგან ქვეყანას სტაბილური ვითარება სჭირდება.

ოპოზიცია დაკავებულია იმით, რომ როგორმე ისეთი გარემო შექმნან, თითქოს გაყალბება მოხდება, ზემოქმედება ხდება და ა.შ. რას აკეთებს ოპოზიცია წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ამის თაობაზე საერთაშორისო თანამეგობრობა ინფორმირებულია, რათა არჩევნების შემდეგ აღარ იყოს სიურპრიზები“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.