გურამ მაჭარაშვილი - ნიკა მელიამ ჩიხში ჩაიყენა თავი, დანაშაულზე სახელმწიფო ინსტიტუტების რეაქცია ადეკვატური უნდა იყოს, საკითხს საფუძვლიანად შევისწავლით
გურამ მაჭარაშვილი - ნიკა მელიამ ჩიხში ჩაიყენა თავი, დანაშაულზე სახელმწიფო ინსტიტუტების რეაქცია ადეკვატური უნდა იყოს, საკითხს საფუძვლიანად შევისწავლით

მას შემდეგ, რაც პროკურატურის მომართვა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე შევა, ეს საპროცედურო საკითხთა და იურიდიულ კომიტეტებს გადაეცემა. ამ საკითხს საფუძვლიანად შევისწავლით და სამართლებრივი დასკვნები უახლოეს პლენარულ სხდომას წარედგინება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, თავადაც და მისი კოლეგებიც საკითხზე გადაწყვეტილებას კენჭისყრამდე მიიღებენ და სახელმწიფო ინსტიტუტების რეაქცია შესაბამისი იქნება.

„რაც შეეხება ამ საკითხის პოლიტიკურ მდგენელს, საზოგადოებამ იცის და მისი მხრიდან საჯაროდ ორჯერ იხილა კანონის საჯაროდ დარღვევა. ერთხელ, როცა ახალგაზრდებს მოუწოდებდა პარლამენტის შტურმისკენ, მეორედ საჯაროდ დაარღვია კანონი, როცა ელექტრონული სამაჯური მოიხსნა. ბუნებრივია, სამართლებრივ სახელმწიფოში ასეთი ტიპის ქმედებებს შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს. პირადად მე და ჩემი კოლეგებიც გადაწყვეტილებას ამ საკითხზე მივიღებთ კენჭისყრამდე. თუმცა, შემიძლია მოგახსენოთ, რომ ასეთი საქციელი, როცა პოლიტიკოსი ხარ და სხვებს მოუწოდებ, საჯაროდ დაარღვიოს კანონი, კრიტიკულად მიუღებელია. მას არანაირი გამართლება არ შეიძლება ჰქონდეს. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო ინსტიტუტების რეაქცია უნდა იყოს ადეკვატური.

რაც შეეხება პოლიტიკურ ფასს, მელია დგას უკვე დილემის წინაშე. მან თავად ჩაიყენა თავი ჩიხში, რადგან თავდაპირველად მიაჩნდა, რომ გმირის სტატუსი ჰქონდა, შემდეგ მიხვდა, რომ ჰყავს კონკურენტი – სააკაშვილი. გადაწყვეტილება პროკურატურისგან მოითხოვდა თუ არა აღკვეთის ღონისძიებას და პარლამენტი იმსჯელებს თუ არა, პირდაპირ დამოკიდებული იყო და არის ამ ეტაპამდე – მელიას გადაწყვეტილებაზე. თუ ის გადაწყვეტდა, ჩამჯდარიყო ციხეში, ამით ჩამოსცილდებოდა პოლიტიკურ პროცესებს და ბუნებრივია, ამ შემთხვევაში, სააკაშვილი წამოწევდა თავის ფიგურას. როგორც ჩანს, ბოლო დღეებში ამას მიხვდა, თუმცა ეს მისი გადასაწყვეტია“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით პარლამენტს მიმართა. ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნდა.