გურამ მაჭარაშვილი - პარტია, რომელიც დაინახავს, რომ ოპოზიციაში შექმნილი სიტუაცია სააკაშვილის ავტორობითაა და ამ ბულინგს თავს დააღწევს, თვითმმართველობის არჩევნებისას ამომრჩევლისთვის პერსპექტიული იქნება
გურამ მაჭარაშვილი - პარტია, რომელიც დაინახავს, რომ ოპოზიციაში შექმნილი სიტუაცია სააკაშვილის ავტორობითაა და ამ ბულინგს თავს დააღწევს, თვითმმართველობის არჩევნებისას ამომრჩევლისთვის პერსპექტიული იქნება

ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს სჯობდა, ოპოზიციასთან ფორმატი ყოფილიყო, მაგრამ პრობლემას ინდივიდუალურ მოლაპარაკებებშიც ვერ ვხედავ, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ნებისმიერი პარტია, რომელიც დაინახავს, რომ ოპოზიციაში შექმნილი სიტუაცია არის სააკაშვილის ავტორობით და ამ ბულინგს თავს დააღწევს, თვითმმართველობის არჩევნებისას ამომრჩევლისთვის პერსპექტიული იქნება.

„ბუნებრივია, დეტალებზე საუბარი ვერ იქნება, დეტალები პარტიის ხელმძღვანელობაში გადაწყდება, თუ ასეთი ფორმატი იქნება. ნებისმიერი პარტია, რომელიც დაინახავს, რომ ოპოზიციაში შექმნილი სიტუაცია არის სააკაშვილის ავტორობით და ამ ბულინგს თავს დააღწევს, თვითმმართველობის არჩევნებისას ამომრჩევლისთვის პერსპექტიული იქნება, რადგან საქართველოში ამომრჩეველი პოლიტიკურად გაიზარდა, კარგად ხედავს, რომელი პარტია არის შორსმჭვრეტელი თავისი ქვეყნის მიმართ და გადაწყვეტილებებს აქედან გამომდინარე იღებს. ყველა პარტია, რომელიც მიიჩნევს, რომ თვითმმართველობის არჩევნებისთვის უნდა მოემზადოს, ბუნებრივად იქნება დაინტერესებული, რომ საპარლამენტო საქმიანობა გააგრძელოს და საპარლამენტო ტრიბუნა გამოიყენოს ხელისუფლებასთან ოპონირებისთვის. ყველა პარტიამ, რომელიც ოპოზიციაშია და სურს, პოლიტიკაში დარჩეს და პოლიტიკურად არ გარდაიცვალოს, აუცილებელია ამ ბულინგს თავი დააღწიოს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ, „გირჩის“ წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა, რომ „გირჩი“ „ქართულ ოცნებასთან“ ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს იწყებს.