გურამ მაჭარაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, ევროპარლამენტში იყო ასეთი მკაცრი გამოსვლები? მათი აგენტურა აქ იყო და როცა დაინახეს, რომ ქვეყანაში ქართული ხელისუფლებაა, არ აწყობთ
გურამ მაჭარაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, ევროპარლამენტში იყო ასეთი მკაცრი გამოსვლები? მათი აგენტურა აქ იყო და როცა დაინახეს, რომ ქვეყანაში ქართული ხელისუფლებაა, არ აწყობთ

გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რადიკალურ ოპოზიციასთან და მათ მხარდამჭერ არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეუძლებელია კონსტრუქციული მსჯელობა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, ამის დამადასტურებელი ფაქტი გუშინდელი დღე იყო, რადგან კომიტეტის სხდომა გახსნილიც არ იყო, რომ დესტრუქციაზე გადავიდნენ.

„მათგან ერთი არგუმენტიც კი ვერ მოვისმინეთ, რაც წინააღმდეგობაში იქნებოდა დემოკრატიისგან და გამჭვირვალობასთან. ისინი კანონპროექტს შეგნებულად არ კითხულობენ და ამბობენ, რომ ეს არის რუსული კანონპროექტი. გიორგი ბურჯანაძემ თქვა, თურმე ევროპა თუ მოგვთხოვს, ერთი კვირა ცალ ფეხზე უნდა დავდგეთ. მან ხომ იცის, რომ ადამიანი ერთი კვირა ცალ ფეხზე ვერ გაძლებს? აღიარებს, რომ ევროკავშირი ისეთ რამეს გთხოვს, რასაც ვერ შეასრულებ და უნდა დაფიქრდე, ასეთი მესიჯები რატომ აქვს. მისი განცხადება, რომ ევროპამ რაც უნდა მოგვთხოვოს, უნდა გავაკეთოთ. მახსოვს ლექსი – „მოვკლავ დედას, მოვკლავ მამას, თუ პარტია მიბრძანებს ამას“. გიორგი ბურჯანაძემ პარტია ამოიღო და ევროპა ჩასვა. მათი კოლონიალური აზროვნება აქედან გამომდინარეობს. ფაშიზმი ევროპაში დაიბადა, მაგრამ ევროპელებმა არ თქვეს, რომ ევროპა არ გვინდაო. მათ თქვეს, ფაშისტური ევროპა არ გვინდაო. განა ევროპა არ გვინდა. ევროპიდან ისეთი პროცესები არ გვინდა, რაც ქართულ სახელმწიფოს შეურაცხყოფას მიაყენებს.

სააკაშვილი სტრასბურგის მიერ დამნაშავედ არის ცნობილი და ევროკავშირის 27 ელჩი აკეთებს განცხადებას, უხეშად არღვევენ ქვეყნის სუვერენიტეტს და ამბობენ, უკანონოდ გამოუშვითო. ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო, სადაც დაწერა, რომ ქველმოქმედი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის თანხები მანამდე არ დაბრუნდება, ვიდრე სააკაშვილს არ გაუშვებენ. „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ელჩი კი არა, ერთი ელჩი თუ მაინც გამოსულა, დაუგმიათ და უთქვამთ, რომ ხელისუფლება დემოკრატიის საწინააღმდეგოდ მიდის, როდესაც „იმედში“ შევარდნენო? 26 მაისი იყო, 7 ნოემბერი, გირგვლიანის მკვლელობა. მაშინ ევროპარლამენტში ასეთი მკაცრი გამოსვლები იყო? რატომ? იმიტომ, რომ მათი აგენტურა აქ იყო. როცა დაინახეს, რომ საქართველოში ქართული ხელისუფლებაა, არ აწყობთ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

საქართველოს სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემ განაცხადა: „ბორელი როცა გვეუბნება, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღება არ შეიძლება, ნიშნავს, რომ არ უნდა გავაკეთოთ. ევროკავშირში განაცხადი თუ გვაქვს, რომ გვითხრან, ერთი კვირა ცალ ფეხზე უნდა იდგეთო, უნდა ვიდგეთ“.