გურამ მაჭარაშვილი – „ნაციონალური მოძრაობა“ ვიდრე კიევიდან ელოდება, რა ფერის ბოლი ამოვა პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით, ჩვენ უკვე შევჯერდით ოპოზიციასთან საარჩევნო რეფორმის პრინციპულ საკითხზე

13:56, 21.05.2021

„ნაციონალური მოძრაობა“ ვიდრე კიევიდან ელოდება, რა ფერის ბოლი ამოვა პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით, ჩვენ უკვე შევჯერდით ოპოზიციასთან ისეთ პრინციპულ საკითხზე, როგორიც არის საარჩევნო რეფორმა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

რაც შეეხება საარჩევნო რეფორმას, მაჭარაშვილის თქმით, ვენეციის კომისიას სთხოვეს, რომ პროექტთან დაკავშირებით დასკვნის გამოგზავნა დაჩქარებული წესით მოხდეს.

„პირველი პოზიტიური შედეგი, რაც მოჰყვა ოპოზიციის მხრიდან „ნაციონალური მოძრაობის“ ბულინგისგან თავის დაღწევას, ეს იყო საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით შეჯერება. ჩვენ ორი-სამი კვირის განმავლობაში პარლამენტში არსებულ ოპოზიციასთან შევძელით, რომ შევჯერდით ძირითად პრინციპულ საკითხებზე რაც ეხება საარჩევნო რეფორმას. „ნაციონალური მოძრაობა“ ვიდრე კიევიდან ელოდება, რა ფერის ბოლი ამოვა პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით, ჩვენ უკვე შევჯერდით ოპოზიციასთან ისეთ პრინციპულ საკითხზე, როგორიც არის საარჩევნო რეფორმა. დარწმუნებული ვარ, ბევრ სხვა საკითხზე, რომელიც არის მიშელის დოკუმენტში, აუცილებლად შევჯერდებით. სწორედ ეს იყო, რასაც მოვუწოდებდით საერთაშორისო პარტნიორები და ასევე ჩვენ ოპოზიციას, რომ აუცილებელია ოპოზიციის პარლამენტში ყოფნა და არა – ქუჩაში. პარლამენტში საკანონმდებლო ატმოსფეროა.

რაც შეეხება საარჩევნო რეფორმის პროცედურებს, ვენეციის კომისიაში უკვე გადაგზავნილია. ჩვენ პირველი მოსმენით პრინციპულ ფონზე მივიღებთ, როგორც კომიტეტებზე, ასევე სესიაზე, მაგრამ მეორე მოსმენამდე ვენეციის კომისიას ვთხოვეთ, რომ დაჩქარებული ტემპებით იქნებ მოხდეს დასკვნის გამოგზავნა. მეორე მოსმენა დაახლოებით 6-7 ივნისის მერე უნდა დავიწყოთ და ეს საკითხი ბოლომდე მივიდეს, რათა თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდეს კიდევ უფრო მაღალი ხარისხით, ვიდრე აქამდე ტარდებოდა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მსგავსი