გურამ მაჭარაშვილი - მზად ვართ, მოლაპარაკებები გაგრძელდეს, გნებავთ ინდივიდუალურად, მაგრამ სჯობს, ეს ფორმატი იყოს მთლიანად ოპოზიციაში
მოლაპარაკებების დროს ოპოზიციამ, მიუხედავად მათი არაერთგზის და არაერთგვაროვანი ახირებებისა, ვერაფერი მოუხერხა იმ ფაქტს, რომ „ქართული ოცნების“ მხარეს არის სიმართლე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„როდესაც შენ ჯიუტად ეწინააღმდეგები მთელი ცივილიზებული სამყაროს პოზიტიურ შეფასებას არჩევნებთან დაკავშირებით და მხოლოდ რწმენით, კატეგორიებით გინდა, დაამტკიცო არჩევნების სიყალბე, ბუნებრივია, რომ ასეთი დისპროპორციის არსებობის დროს შენ გარანტირებული გაქვს მარცხი. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვიყავით და მზად ვართ დღესაც, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდეს, გნებავთ ინდივიდუალურად. მაგრამ ალბათ უფრო სჯობს, რომ მოლაპარაკებების ფორმატი იყოს მთლიანად ოპოზიციაში. გამომდინარე იქიდან, რომ პოლიტიკური პროცესი ნორმალური სჭირდება ქვეყანას. თუმცა ამავდროულად გვინდა, საზოგადოებას ვუთხრათ, რომ ჩვენ ვაგრძელებთ იმ დღის წესრიგით ცხოვრებას, რაც აქვს სახელმწიფოს. სახელმწიფოს დღის წესრიგში არის გაცილებით უფრო პრიორიტეტული საკითხები, როგორიც არის პანდემიიდან გამომდინარე ეკონომიკური კრიზისის დაძლევა, თავად ეპიდსიტუაცია ქვეყანაში, საგარეო კურსი, რომელიც საკმაოდ კარგად მიდის ევროკავშირის და ნატო-ში გაწევრიანების გზაზე. ამ დღის წესრიგს ჩვენ მივყვებით“,- აღნიშნა მაჭარაშვილმა.
მისივე თქმით, ხელისუფლება მზად არის, ნებისმიერ დროს განაახლოს მოლაპარაკებების რეჟიმი.
„რა თქმა უნდა, მზად ვართ, ნებისმიერ დროს განვაახლოთ ის მოლაპარაკებების რეჟიმი, რომელიც არსებობს რადიკალურ ოპოზიციასთან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კანონზომიერება, ისტორია გვასწავლის, რომ რადიკალური ფრთა ოპოზიციის თავის დროზე გონს თუ არ მოეგება და არ განაგრძობს ნორმალურ პოლიტიკურ საქმიანობას, ასევე კანონზომიერად მოხდება მათი ჩანაცვლება ჯანსაღი პოლიტიკური ძალების მხრიდან. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის ქართული საზოგადოების გადასაწყვეტი. აქვე უნდა ვთქვათ, რომ ქართული საზოგადოება გაცილებით უფრო გაიზარდა პოლიტიკურად, ვიდრე მათი რჩეულები. საბოლოოდ თვითმმართველობის არჩევნებზე უკვე საქართველოს საზოგადოება იმ კითხვაზე, რაც გააჩნია დღეს ოპოზიციას, გასცემს პასუხს, როგორი არის მათი დამოკიდებულება ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის მიმართ. ხოლო ჩვენ ბუნებრივია, გავაგრძელებთ როგორც საგარეო მიმართულების კუთხით, ნატო-ში და ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით განვითარებას, ასევე ქვეყნის შიგნით იმ გამოწვევებთან გამკლავებას, რომელიც არსებობს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.