გურამ მაჭარაშვილი – მოლდოვის, როგორ შეიძლება, ვინმეს შეშურდეს, მით უმეტეს საქართველოს, არავის ვეჯიბრებით, ვპასუხობთ ყველას, ვინც გვეუბნება ტყუილს, თითქოს მოლდოვა საქართველოს უსწრებს

16:29, 14.10.2026

ზოგადად, მოლდოვის, როგორ შეიძლება, ვინმეს შეშურდეს, მით უმეტეს საქართველოს, როდესაც ევროპის საერთაშორისო ინსტანციებისა და სხვადასხვა ინსტიტუტის დასკვნებში საქართველო მოლდოვაზე წინ არის, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, საქართველოს შესაშური არაფერი აქვს, პირიქით, შესაძლოა, მოლდოვას ჰქონდეს შესაშური.

„ჩვენ საერთოდ არ გამოგვიხატავს რეაქცია მოლდოვის არც წინსვლაზე და არც უკუსვლაზე. უბრალოდ, რა თქმა უნდა, უპასუხოდ არ ვტოვებთ ევრობიუროკრატიის ჩინოსნებსა და მათ განცხადებებს, როდესაც გვეუბნებიან, რომ მოლდოვა საქართველოს უსწრებს. მოლდოვას მხოლოდ ამ კონტექსტში ვახსენიებთ, დანარჩენი კი მათი საქმეა: სხვა სახელმწიფოს შეუერთდებიან თუ არა, დსთ-ში დარჩებიან, გამოვლენ თუ სხვა გადაწყვეტილებას მიიღებენ, მათი გადასაწყვეტია.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ საქართველოს შესაშური არაფერი აქვს. პირიქით, შესაძლოა, მოლდოვას ჰქონდეს შესაშური. ჩახედონ საერთაშორისო ინსტიტუტების გადაწყვეტილებებს, დასკვნებსა და შეფასებებს, ნახავენ, რას წერენ თავად ევროპული ინსტიტუტები, რა პოზიციაზეა საქართველო და რა პოზიციაზე – მოლდოვა.

ვიმეორებ, ჩვენ არავის ვეჯიბრებით. უბრალოდ, ვპასუხობთ ყველას, ვინც გვეუბნება ტყუილს, თითქოს მოლდოვა საქართველოს უსწრებს. როგორ უსწრებს საქართველოს, როდესაც, თავად ამ ინსტიტუტების შეფასებებით, მოლდოვა არის ყოველთვის საქართველოზე უკან? მეორე საკითხია, რას გააკეთებს მოლდოვა ევროინტეგრაციის გზაზე, მისი გადასაწყვეტია. ჩვენ კი ვიცით, რა გადაწყვეტილებებს ვიღებთ სხვადასხვა საერთაშორისო გაერთიანებასთან დაკავშირებით. ის, რაც დღეს ევრობიუროკრატიაში ხდება, აჩვენებს, რომ ნამდვილად არ არსებობს არანაირი სურვილი, მიგვიღონ ასეთი ტიპის პირობებით, როდესაც გვეუბნებიან, სუვერენიტეტის ჩაგვაბარეთ ჩვენ, ბრიუსელს და ისე შემოდით, ამ პირობებით ჩვენ ვერსად შევალთ. რამდენადაც ვიცით, მოლდოვას საჯაროდ ჰქონდა გაცხადებული სურვილი, რომ სხვა სახელმწიფოს უნდა შეუერთდეს და ამ გზით შევიდეს ევროპაში. ეს მათი და მოლდოველი ხალხის გადასაწყვეტია.

ჩვენ არავის ვეჯიბრებით და, მით უმეტეს, არავის გვშურს. ჩვენ ჩვენი გზით მივდივართ, მაგრამ როდესაც შედარებები კეთდება, სწორი შედარებები რა არის, ამის კონსტატაციას ვაკეთებთ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მოლდოვის პარლამენტის სპიკერმა, იგორ გროსუმ მოლდოვური ტელეკომპანიის ეთერში განაცხადა, „საქართველოს პრემიერი არ უშვებს შანსს, მოლდოვა გააკრიტიკოს, ამ შემთხვევაში უფრო მეტია შური, რომ მოლდოვა გაცილებით სწრაფად მოძრაობს ევროინტეგრაციის მიმართულებით“.

მსგავსი