გურამ მაჭარაშვილი - მნიშვნელოვანი იქნება საგამოძიები კომისიის საბოლოო დასკვნა, რომელიც საფუძვლად უნდა დაედოს დამნაშავე რეჟიმის, „ნაციონალური მოძრაობის“ დასრულებას პოლიტიკაში
მნიშვნელოვანი იქნება როგორც დროებითი საგამოძიები კომისიის სამუშაო პროცესი, ასევე საბოლოო დასკვნა, რომელიც საფუძვლად უნდა დაედოს დამნაშავე რეჟიმის, „ნაციონალური მოძრაობის“ დასრულებას ქართულ პოლიტიკაში, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, კანონმდებლობის შესაბამისად უნდა მოხდეს ქართული პოლიტიკიდან კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ჩამოცილება.
„ეს ასე მოხდა გერმანიაშიც, სადაც სახელმწიფომ დაისვენა და გერმანიამ განვითარება დაიწყო „ნაციონალურ-სოციალისტური პარტიის“ აკრძალვის შემდეგ. ეს ნიურნბერგის პროცესის შემდეგ მოხდა. ასე უნდა მოხდეს ქართულ პოლიტიკაში, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ჩამოცილება კანონმდებლობის შესაბამისად“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებითი საგამოძიებო კომისია“ დღეს პირველ, საორგანიზაციო სხდომას მართავს. დღევანდელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, საგამოძიებო კომისიას თეა წულუკიანი უხელმძღვანელებს. ამასთან, კომისიის მდივნად სოზარ სუბარი აირჩიეს.