გურამ მაჭარაშვილი - „მისტერ ოფშორ“ კეზერაშვილის საერთაშორისო თაღლითობასთან დაკავშირებით ბევრი მტკიცებულება არსებობს, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ შეერთებულ შტატებში არ შეუშვეს
გურამ მაჭარაშვილი - „მისტერ ოფშორ“ კეზერაშვილის საერთაშორისო თაღლითობასთან დაკავშირებით ბევრი მტკიცებულება არსებობს, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ შეერთებულ შტატებში არ შეუშვეს

კეზერაშვილის საერთაშორისო თაღლითობასთან დაკავშირებით ბევრი მტკიცებულება არსებობს, რის გამოც გასაკვირი არ არის, რომ „მისტერ ოფშორ“ კეზერაშვილი შეერთებულ შტატებში არ შეუშვეს, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილს კითხვა დაუსვეს „რადიო თავისუფლების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, აშშ-მა დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა, რის გამოც კეზერაშვილი სახელმწიფო დეპარტამენტს უჩივის.

მაჭარაშვილის თქმით, დარწმუნებულია, რომ „კეზერაშვილს არა მხოლოდ შეერთებულ შტატებში, არამედ ბევრ ქვეყანაში არა თუ არ შეუშვებენ, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეს აღძრავენ“.

„გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ მისტერ ოფშორ კეზერაშვილი არ შეუშვეს შეერთებულ შტატებში, რადგან არა მხოლოდ „ბიბისის“ ჟურნალისტური გამოძიება, არამედ ბევრი სხვა მტკიცებულება არსებობს მის საერთაშორისო თაღლითობასთან დაკავშირებით. ვიცით, რომ მისი გარემოცვა, ბიძაშვილი, ძალიან ბევრი ადამიანი დაკავებულია სწორედ იმ თაღლითური ნიშნებით, რაც ბრალად ედება „მისტერ ოფშორ“ კეზერაშვილს. დიდი ალბათობით, აქედან გამომდინარეობს, რომ მას უარი ეთქვა შეერთებულ შტატებში შესვლაზე. დარწმუნებული ვარ, არა მხოლოდ შეერთებულ შტატებში, არამედ ძალიან ბევრ ქვეყანაში არა თუ არ შეუშვებენ, არამედ უკვე მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეს აღძრავენ.

დადასტურებულია არა მხოლოდ ქართული, არამედ საერთაშორისო სააგენტოების მხრიდან, რომ მას აუცილებლად წაუყენებენ ბრალს ზუსტად იმ თაღლითობაზე, რისთვისაც ეწოდა „მისტერ ოფშორი“. ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ქართული მართლმსაჯულება ყოველთვის არის აღიარებული სწორი გადაწყვეტილებების მიღებით, ამ შემთხვევაში, კეზერაშვილთან დაკავშირებით. იგი დამნაშავედ არის ცნობილი და ახლა უკვე უცხოეთშიც დარწმუნდნენ, რომ კეზერაშვილი არის ფულის მიმტაცებელი როგორც ქართული ბიუჯეტიდან და ჯარიდან, ისე ევროპელი პენსიონერებისგან. ამიტომ ეს გასაკვირი არ არის. ჩვენ ველოდებით, რომ შესაბამისი უწყებები უცხოეთში მას შესაბამის ბრალს წაუყენებენ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.