გურამ მაჭარაშვილი - მეგობარი უკრაინისგან პასუხებს ველოდებით, იმედია, არ დააყოვნებს
გურამ მაჭარაშვილი - მეგობარი უკრაინისგან პასუხებს ველოდებით, იმედია, არ დააყოვნებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც უკრაინის მხარდაჭერის მიზნით, რეზოლუცია მიიღო და ამის შემდეგ ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე ხმა მისცა რუსეთის წინააღმდეგ.

მისივე თქმით, ამ ფონზე უკრაინის ხელისუფლების პრეტენზიები საწყენი და გაუგებარია.

მაჭარაშვილმა კომენტარი გააკეთა უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარის მიერ ბუჩაში მიწვევაზე შალვა პაპუაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით იმის შესახებ, რომ „საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნის, დიპლომატიური დემარშების, კონტრაბანდაში უსაფუძვლო დადანაშაულების განუმარტებლობის ფონზე, უკრაინაში ოფიციალური მიწვევა არასათანადოდ ჩანს“.

როგორც საქართველოს პირველ არხს მაჭარაშვილმა განუცხადა, უკრაინის მხრიდან არასწორი გადაწყვეტილება იყო მიღებული როგორც საქართველოდან ელჩის გაწვევაზე, ასევე ბრალდების წაყენებასთან დაკავშირებით.

„უკრაინელ და ქართველ ხალხს მეგობრული ურთიერთობები ჰქონდათ და ექნებათ, მაგრამ სულ მცირე, ასეთი საქციელები არ უნდა იყოს დაშვებული უკრაინის ხელისუფლების მხრიდან. უნგრეთისა და მოლდოვის პრემიერების განცხადებებზე არანაირი რეაგირება არ ჰქონიათ და რატომღაც, ჩვენი საერთაშორისო მხარდაჭერა თუ ჩვენი პოლიტიკოსების საჯარო განცხადებები საპირისპიროდ იყო აღქმული. უკრაინის ხელისუფლებისგან პასუხებს ველოდებით იმ კითხვებზე, რომლებიც ქვეყანაში ლეგიტიმურად არსებობს. მეგობარი უკრაინისგან პასუხებს ველოდებით და იმედია, ეს პასუხები არ დააყოვნებს.

მეგობრული ურთიერთობები რომ გაარკვიო, ამის დრო შეიძლება, ყოველთვის არსებობდეს, მით უფრო, რომ უკრაინის მხარდაჭერაზე ჩვენი მხრიდან არანაირი პრობლემა არ ყოფილა. ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ვიყავით, რომელმაც უკრაინის მხარდაჭერის მიზნით რეზოლუცია მივიღეთ, ამის შემდეგ ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე ხმა მივეცით რუსეთის წინააღმდეგ. ამ ფონზე საწყენი და გაუგებარია უკრაინის ხელისუფლების მხრიდან პრეტენზიები. ამ ყველაფრის მიუხედავად, საომარი მოქმედებების დროს უკრაინის ხელისუფლების მიმართ კრიტიკაზე მორატორიუმი გვაქვს გამოცხადებული, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მძიმე ბრალდებები უპასუხოდ დარჩება. ან მტკიცებულებებს ველოდებით, ან პასუხს, რატომ არის ასეთი ნეგატიური დამოკიდებულება ჩვენს პოზიტიურ ნაბიჯებზე“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.