გურამ მაჭარაშვილი - მაინტერესებს, ოჯახის წევრების დასანქცირებაზე მუქარის შემდეგ აშშ პარტნიორულ ურთიერთობას როგორ აპირებს
გურამ მაჭარაშვილი - მაინტერესებს, ოჯახის წევრების დასანქცირებაზე მუქარის შემდეგ აშშ პარტნიორულ ურთიერთობას როგორ აპირებს

ოჯახის წევრების დასანქცირებასა და ბულინგზე საბჭოთა ხელისუფლებამ თქვა უარი 60-იანი წლების შემდეგ. მაინტერესებს, როგორ აპირებს აშშ პარტნიორულ ურთიერთობას ასეთი მუქარების შემდეგ, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, შეერთებულ შტატებს, საქართველოსთვის ომის გამოცხადების გარდა, არაფერი დარჩა, რადგან უკვე ყველაფერი გააკეთეს.

„მგონი, მეტი არაფერი აღარ დარჩათ, გარდა იმისა, რომ რაკეტა მოუშვირონ საქართველოს. ამის გარდა, უკვე ყველაფერი გააკეთეს. საქართველოს მეგობრად თუ მიიჩნევ, ასეთი ენით არ უნდა საუბრობდე, თან იმ კანონპროექტის მიღებისთვის, რომელიც ამერიკაში და საფრანგეთშია. კანონმდებელს ეუბნები, რომ დაასანქცირებ მას და მის ოჯახს კანონის მიღებისთვის. მაშინ გავაუქმოთ საქართველოს პარლამენტი, რაში გვჭირდება, თუ მაინც ის კანონი უნდა მივიღოთ, რასაც ამერიკა იტყვის და ის კანონი არ უნდა მივიღოთ, რასაც ის არ გვეტყვის. ოჯახის წევრების დასანქცირებასა და ბულინგზე საბჭოთა ხელისუფლებამ თქვა უარი 60-იანი წლების შემდეგ და ახლა ამერიკის მხრიდან არის არა მხოლოდ კანონმდებლებზე, არამედ ოჯახის წევრების ბულინგი და დასანქცირება. მაინტერესებს, როგორ აპირებს ეს ხალხი პარტნიორულ ურთიერთობას ასეთი მუქარების შემდგომ? ერთადერთი, რაკეტის მოშვერა დარჩათ, დანარჩენი ყველა მეთოდი აქვთ გამოყენებული. გვეუბნება, თქვენ სუვერენიტეტი არ გჭირდებათ. გამოუშვეს ხალხი, ვინც გვილანძღა ოჯახი და მართლმადიდებლობა. გვეუბნებიან, კანონმდებლებს დაგისანქცირებთო. ჩვენ გვჭირდება გამჭვირვალობა, თქვენ – არაო, ამაზე მეტი რა უნდა გაგიკეთოს? გეუბნება, ოჯახებიანად დაგასანქცირებო. ამაზე მეტი, ომის გამოცხადების გარდა, არაფერი დარჩა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.