გურამ მაჭარაშვილი - კონტრაბანდის მძიმე ბრალდებაზე საუბარი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ იმ ქვეყნების შეურაცხყოფაა, რომლებიც რეგიონში საქართველოსთან ერთად უსაფრთხოებას ამყარებენ
გურამ მაჭარაშვილი - კონტრაბანდის მძიმე ბრალდებაზე საუბარი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ იმ ქვეყნების შეურაცხყოფაა, რომლებიც რეგიონში საქართველოსთან ერთად უსაფრთხოებას ამყარებენ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლების მიმართ სხვადასხვა პოზიციის დაფიქსირებასთან დაკავშირებით ე.წ. მორატორიუმის გამოცხადება არ ნიშნავს, რომ უკრაინის ზოგიერთ უწყებას აქვს უფლება, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე ბრალი წაუყენონ საქართველოს ხელისუფლებას.

მისივე თქმით, კონტრაბანდის მძიმე ბრალდებაზე საუბარი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ იმ ქვეყნების შეურაცხყოფაა, რომლებიც რეგიონში საქართველოსთან ერთად უსაფრთხოებას ამყარებენ.

„უკრაინის ხელისუფლების მიმართ სხვადასხვა პოზიციის გაჟღერებასთან დაკავშირებით ე.წ. მორატორიუმი რადგან გვაქვს გამოცხადებული, ეს არ ნიშნავს იმას, რომ უკრაინის ზოგიერთ უწყებას აქვს უფლება, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე ბრალი წაუყენონ საქართველოს ხელისუფლებას. საქართველოს შესაბამისი სტრუქტურები აქტიურად თანამშრომლობენ ამერიკის, ევროკავშირისა და ნატო-ს შესაბამის სამსახურებთან. ამიტომ, როცა საუბარია ისეთ მძიმე ბრალდებაზე, რომელსაც ჰქვია კონტრაბანდა, ეს არის არა მხოლოდ საქართველოს შეურაცხყოფა, არამედ იმ ქვეყნების, რომლებიც რეგიონში საქართველოსთან ერთად უსაფრთხოებას ამყარებენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გააკეთა მოწოდება, რომ თუ ვინმეს მსგავსი მტკიცებულება აქვს, დაინტერესებული იქნება, პარტნიორებთან ერთად აღნიშნული საკითხი გამოიძიოს. შესაბამისი მტკიცებულებები ბრალდების მხარემ უნდა წარმოადგინოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩაითვლება, რომ ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ზოგიერთი პირის მიზანია, ამ სამხედრო კონფლიქტში მოხდეს საქართველოს ჩართვა ან არეულობის მოწყობა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა: „საერთაშორისო სანქციების დაწესების გამო, რუსეთის ფედერაცია მოკლებულია სამხედრო, ორმაგი დანიშნულებისა და სამოქალაქო საქონლის მიწოდების შესაძლებლობას. სანქციების გვერდის ავლის მიზნით, რუსი აგენტები აყალიბებენ კონტრაბანდის არხებს, რომლებიც გადის კერძოდ საქართველოს ტერიტორიაზე. ამასთან, ქართული სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა მიიღეს მითითებები პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, არ ჩარეულიყვნენ კონტრაბანდისტების საქმიანობაში“.

ამასთან, როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ გუშინ აღნიშნა, უკრაინა საქართველოსგან ელოდება მტკიცებულებებს, რომ არ ეხმარება რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში.