გურამ მაჭარაშვილი - კელი დეგნანის განცხადება ადასტურებს, რომ „ქართულ ოცნებას“ მოლაპარაკებების დროს ჰქონდა ისეთი წინადადება, რაზეც შეთანხმების რესურსი არსებობდა
გურამ მაჭარაშვილი - კელი დეგნანის განცხადება ადასტურებს, რომ „ქართულ ოცნებას“ მოლაპარაკებების დროს ჰქონდა ისეთი წინადადება, რაზეც შეთანხმების რესურსი არსებობდა

კელი დეგნანის განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ქართულ ოცნებას“ მოლაპარაკებებში ისეთი წინადადება ჰქონდა შეთავაზებული, სადაც იყო შეთანხმების რესურსი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში აშშ-ის ელჩი სწორედ ამიტომ მოუწოდებს იმ პოლიტიკურ ძალებს გამბედაობისკენ, რომლებმაც ვერ გაბედეს და თავი ვერ დააღწიეს ბულინგს, რაც „ნაციონალური მოძრაობიდან“ მოდის.

„ბოლო ხუთი თვის მანძილზე, ყველა ევროპის ინსტიტუციამ და ახლახან აშშ-ის სენატმა დაამტკიცა, რომ ეს იყო წარმატებული 8-წლიანი პროცესი, რომელსაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში საქართველომ მიაღწია. ამ პროცესის გაგრძელებისთვის მნიშვნელოვანია შეთანხმების მიღწევა, მაგრამ ეს უნდა მოხდეს იმ ფონზე, როცა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ლეგიტიმურად აღიარებულია და საერთაშორისო პარტნიორებს აუცილებლად მიაჩნიათ, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამენტში შემოვიდნენ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა, რომ პოლიტიკური ლიდერები ერთგულად წარმოადგენენ თავის ამომრჩეველს, შეუძლიათ თანამშრომლობა და როდესაც მოიკრებენ გამბედაობას შეთანხმების მისაღწევად, პარლამენტში ექნებათ ეფექტური თანამშრომლობა, რაც დეგნანის თქმით, გადაიქცევა მნიშვნელოვან რეფორმებად.

ამასთან, დეგნანის განცხადებით, მმართველ პარტიასაც და ოპოზიციასაც უნდა ჰქონდეთ გამბედაობა რთული ნაბიჯების გადასადგმელად. ელჩის თქმით, პარტიებმაც და მათმა მომხრეებმაც უნდა გაიგონ, რომ კომპრომისი არ არის სისუსტის ნიშანი.