გურამ მაჭარაშვილი - ჯიმ რიშმა დაადასტურა ყველა მიზეზი, რის გამოც „ქართულ ოცნებას“ შარლ მიშელის შეთანხმების დატოვება მოუწია
გურამ მაჭარაშვილი - ჯიმ რიშმა დაადასტურა ყველა მიზეზი, რის გამოც „ქართულ ოცნებას“ შარლ მიშელის შეთანხმების დატოვება მოუწია

ჯიმ რიშმა ყველა ის რეალური მიზეზი დაადასტურა, რასაც ჩვენ ვამბობდით და რის გამოც მოუწია „ქართულ ოცნებას“ შარლ მიშელის შეთანხმების დატოვება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ჯიმ რიშმა სწორად გაანალიზა ის პროცესი, რაც შარლ მიშელის შეთანხმებასთან დაკავშირებით მოხდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელმოწერა იმდენად სუსტი და დაგვიანებულია, რომ აზრი არ აქვს. ჯიმ რიშმა თქვა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ იმდენად დააზიანა შეთანხმება, „ქართული ოცნება“ შეთანხმებაში მარტო აღმოჩნდა და დოკუმენტის ანულირება მოგვიწია. ჯიმ რიშმა სწორად გაანალიზა ის პროცესი, რაც, სამწუხაროდ, შარლ მიშელის შეთანხმებასთან დაკავშირებით მოხდა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ამასთან, მაჭარაშვილი ამბობს, რომ საქართველოს არჩეული გზიდან არ გადაუხვევია და ეს ამერიკის წარმომადგენლებმაც კარგად იციან.

„რაც შეეხება სამომავლო ურთიერთობას, დარწმუნებული ვარ, ამერიკის წარმომადგენლებს არ აქვთ ის განცდა, რომ საქართველო, ოდნავ მაინც გადაუხვია იმ კურსს, რასაც საქართველო-ამერიკის სტრატეგიული ურთიერთობა ჰქვია. ეს არის ძირითადი საკითხი. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ადასტურებს, რომ ამერიკა არის ერთგული იმ ურთიერთობის, რაც მასთან გვაქვს, ასევე ეკონომიკური მიმართულებით. რაც ყველაზე მთავარია, რეგიონში საქართველოს წარმატებას, კონსულტაციებსა და რჩევებს ყურადღებით ვეკიდებით და ხშირი კომუნიკაცია გვაქვს საკანონმდებლო, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან. ბუნებრივია, ამერიკის ელჩი ყოველთვის ითვალისწინებდა და დღესაც გაითვალისწინებს საქართველოს იმ მდგომარეობას, რა მდგომარეობაშიც გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება გვიწევს. ჯიმ რიშისა და კელი დეგნანის განცხადებების შემდეგ, ჩვენ ველოდებით, რომ ამერიკა გააგრძელებს და უფრო გააღრმავებს იმ ურთიერთობას, რაც აქვს საქართველოსთან, ეს მათი სიტყვებია. ეს არა მხოლოდ მათი სიტყვებია, არამედ ამერიკის ხელმძღვანელი პირების კიდევ ერთი დადასტურებაა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

სენატის საგარეო კომიტეტის რესპუბლიკელი წევრმა, ჯიმ რიშმა განაცხადა, რომ დაგვიანებულია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება, ხელი მოეწერა შეთანხმებაზე.

„კარგია, რომ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საბოლოოდ დაინახა 19 აპრილის შეთანხმების სარგებელი, მაგრამ ეს ჟესტი ძალიან მცირე და დაგვიანებულია. თვეების განმავლობაში, ხელმოწერაზე უარის თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეარყია შეთანხმება, რამაც ხელი შეუწყო მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, დაეტოვებინა შეთანხმება”, – განაცხადა ჯიმ რიშმა.