გურამ მაჭარაშვილი - გვაქვს მოლოდინი, რომ ოპოზიცია ხელს მოაწერს იმ შეთანხმებას, რომელიც „ქართული ოცნების“ მხრიდან არის შეთავაზებული
გურამ მაჭარაშვილი - გვაქვს მოლოდინი, რომ ოპოზიცია ხელს მოაწერს იმ შეთანხმებას, რომელიც „ქართული ოცნების“ მხრიდან არის შეთავაზებული

გვაქვს მოლოდინი, რომ ოპოზიცია ხელს მოაწერს იმ შეთანხმებას, რომელიც არის „ქართული ოცნების“ მხრიდან შეთავაზებული და რომელიც ემსახურება ქართული დემოკრატიის განვითარებას და ევროპული ხარისხით არჩევნების ჩატარებას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

დეპუტატის თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებული საკონსტიტუციო ცვლილებები უზრუნველყოფს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში პოლიტიკურ პლურალიზმს.

„ეს გულისხმობს, რომ მცირე მხარდამჭერის მქონე პარტიებს ჰქონდეთ საშუალება, შევიდნენ პარლამენტში, ასევე მინიმუმ ოთხი დეპუტატის შეკრების შემთხვევაში, შეძლონ ფრაქციის შექმნა. ასევე ჩვენ გვაქვს მართლმსაჯულების სისტემის საკანონმდებლო ინიცირებით, რომლის ცვლილებებიც ემსახურება სწორედ პოლიტიკური ოპონენტების და არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციების და საზოგადოების შენიშვნებს. აქედან გამომდინარე, ამას ემატება საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომელიც ასევე პასუხობს ერთი ერთში ეუთო/ოდირის შენიშვნებს და ბუნებრივია, რომ ჩვენ გვაქვს ყველა ის კომპლექტი, რათა შედგეს პოლიტიკური შეთანხმება იმ რადიკალურ ოპოზიციასთან, რომელსაც სრულიად უარგუმენტოდ აქვს უარი ამ პოლიტიკურ შეთანხმებაზე. რაც შეეხება თავად პოლიტიკურ ოპოზიციას, ჩვენ, მიუხედავად იმისა, რომ მათი მხრიდან ვისმენთ განცხადებებს, სადაც არ არის არანაირი ლოგიკური არგუმენტაცია და საფუძველი, მაინც გვაქვს მოლოდინი, რომ ხელს მოაწერონ იმ შეთანხმებას, რომელიც არის „ქართული ოცნების“ მხრიდან შეთავაზებული და რომელიც ემსახურება ქართული დემოკრატიის განვითარებას და ევროპული ხარისხით არჩევნების ჩატარებას. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ასეთი სრული პაკეტით, რომელიც გააჩნია „ქართულ ოცნებას“, ჩვენ შევძლებთ შევქმნათ მყარი შეთანხმება“, –  განაცხადა მაჭარაშვილმა.