გურამ მაჭარაშვილი - გიორგი გახარიასთვის მარტივი არ იქნება, კონკურენცია გაუწიოს „ქართულ ოცნებას“
გურამ მაჭარაშვილი - გიორგი გახარიასთვის მარტივი არ იქნება, კონკურენცია გაუწიოს „ქართულ ოცნებას“

გიორგი გახარიას გაუჭირდება, გააკრიტიკოს „ქართული ოცნების“ პერიოდი, რადგან ის თავად გახლდათ ერთ-ერთი ლიდერი ამ პარტიის და არ იქნება მარტივი მისთვის, რომ კონკურენცია გაუწიოს „ქართულ ოცნებას“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

როგორც გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, კანონმდებლობით ყველას აქვს შესაძლებობა, შექმნას პარტია, თავისი ძალები და რესურსები მოსინჯოს, მოაწონოს თავი საზოგადოებას ან ვერ მოაწონოს, მაგრამ ყველაფერი გამოჩნდება არჩევნებზე.

„რაც შეეხება გიორგი გახარიას მიზნებს და პლატფორმას ეს ჯერ ჩვენ არ ვიცით, არ დაუანონსებია არაფერი, არ გამოუთქვამს მოსაზრებები და სჯობს, ჯერ თავად თქვას, რა მიზნები აქვს, რით განსხვავდება „ქართული ოცნებისგან“, რა გადაწყვეტილებები აქვს ისეთი, რომელიც შეიძლება სჯობდეს „ქართული ოცნებისას“ და ამის შემდეგ შეიძლება, კონკრეტული კომენტარები გავაკეთოთ. ხშირად გვსაყვედურობენ, რატომ ითვლით თავებს, რატომ ითვლით ხმებს, ჩვენ ამას არ ვაკეთებთ, არ ვითვლით თავებს, ჩვენ ვდგამთ პრაგმატულ ნაბიჯებს. ვინც არის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ის ერთგული დარჩება ამ პოლიტიკური ძალის. რაც შეეხება გახარიას, არ ვიცი, რა სეგმენტში აპირებს მხარდაჭერა მოიპოვოს, მაგრამ დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ამომრჩევლები კი არ დაიკლებს, არამედ გაიზრდება. დავაცადოთ, რას იტყვიან მისი გუნდის წევრები, ჯერ არაფერი განსაკუთრებული არ უთქვამთ და მომავალშიც რომ თქვან, ესეც არ მგონია, მაგრამ მაინც დავაცადოთ.

მისივე თქმით, ყველა არჩევნებზე „ქართული ოცნების“ გამარჯვების წინაპირობა გახლავთ ის, ახასიათებს პრაგმატული ნაბიჯების გადადგმა, საზოგადოება სწორად ხედავს იმას, რომ „ქართული ოცნება“ ხშირ შემთხვევაში დგამს ისეთ ნაბიჯებს, რომელიც შეიძლება იყოს მისთვის ცუდი, წამგებიანი, თუმცა სახელმწიფოსთვის მომგებიანი.

„ჩვენ გვაქვს ძალიან მაღალი მოლოდინი და რწმენა იმისა, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე საზოგადოება სწორედ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.