გურამ მაჭარაშვილი - გიორგი გახარია, ხუთი დღეა, წასულია, რა შეხვედრები აქვს ამისთანა, იქ სულ ხომ არ დარჩება? გვითხრას, როდის ჩამოდის და კომისიის სხდომაზე მობრძანდეს
გიორგი გახარია, ხუთი დღეა, წასულია და რა შეხვედრები აქვს ამისთანა? იქ სულ ხომ არ დარჩება? გვითხრას, როდის ჩამოდის და კომისიის სხდომაზე მობრძანდეს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„გიორგი გახარიამ კარგად იცოდა, რომ კომისიის სხდომა იყო ჩანიშნული. საქართველოში იყო, როცა უწყება ჩაიბარა, დაადასტურა. ამის შემდეგ მოიგონა, რომ მის გარეშე მსოფლიო პოლიტიკა ვერ წყდება და თურმე უცხოეთში არა ორ-სამდღიანი, არამედ რამდენიმეკვირიანი შეხვედრები ჰქონია. წესების შესაბამისად, გამონაკლისი შემთხვევები არსებობს, როდესაც კომისია ჩათვლის საჭიროდ, რომ შეიძლება ჩართვით ადამიანი გამოიკითხოს და ახსნა-განმარტებები გააკეთოს, მაგრამ ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიცაა ჩორჩანა, სადაც მილიონ კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზეა საუბარი, რა თქმა უნდა, აქ პირი უნდა გამოიკითხოს ფიზიკურად, რომელიც მობრძანდება. ხუთი დღეა წასულია და რა შეხვედრები აქვს ამისთანა? იქ სულ ხომ არ დარჩება? გვითხრას, როდის ჩამოდის და კომისიის სხდომაზე მობრძანდეს“,- განაცხადა მაჭარაშვილმა.
საქართველოს პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კიდევ ერთხელ დაიბარეს. გახარია ჩორჩანის, წაღვლისა და სხვა სოფლების თემაზე სასაუბროდ დღეს არის დაბარებული.
გიორგი გახარიას პარტიაში განაცხადეს, რომ პარტიის ლიდერი საქართველოში არ იმყოფება და გამოთქვამს მზაობას, კომისიას დისტანციურად ჩაერთოს. პარტიაში აცხადებენ, რომ კომისია უარს აცხადებს გახარიას დისტანციურად გამოკითხვაზე.