გურამ მაჭარაშვილი – რეგლამენტში ცვლილებებით საპარლამენტო ოპოზიციას დამატებით ბერკეტს ვაძლევთ, რომ განვითარდნენ და თავიანთი როლი შეასრულონ

11:53, 26.01.2021

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის გურამ მაჭარაშვილის განმარტებით, გარკვეული უფლებამოსილების მინიჭებაზე რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებები ემსახურება იმას, რომ საპარლამენტო ოპოზიციას პარლამენტში მეტი ბერკეტი ჰქონდეს.

როგორც ჟურნალისტებს მაჭარაშვილმა განუცხადა, დაგეგმილი ცვლილებების მიზანია, რომ პარლამენტარიზმი მეტად განვითარდეს.

„ოპოზიციური ფრაქციების გარდა, იმ დეპუტატებს, რომლებიც უფრაქციო დეპუტატები არიან, საშუალება ექნებათ, საკუთარი კანდიდატურები ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე წარადგინონ, ასევე კანდიდატები წარადგინონ კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პიზიციაზე. უმრავლესობა საპარლამენტო ოპოზიციას დამატებით ბერკეტს ვაძლევთ იმისათვის, რომ განვითარდნენ და თავიანთი როლი და დაკვეთა, რაც ამომრჩევლისგან ჰქონდათ, შეასრულონ”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს, რომელიც ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის გარკვეული უფლებამოსილების მინიჭებას შეეხება, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დღეს განიხილავს. დეპუტატები პროექტზე პირველი მოსმენით იმსჯელებენ. პროექტი მიმდინარე კვირაში რიგგარეშე სესიაზე გავა. საკანონმდებლო წინადადებები დაჩქარებული წესით იხილება.

მსგავსი