გურამ მაჭარაშვილი - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში აღინიშნა, რომ, პრაქტიკულად, ყველა რეკომენდაცია შესრულებულია, ეს შეტყობინება პოზიტიურია
გურამ მაჭარაშვილი - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში აღინიშნა, რომ, პრაქტიკულად, ყველა რეკომენდაცია შესრულებულია, ეს შეტყობინება პოზიტიურია

მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში აღინიშნა, რომ საქართველოს, პრაქტიკულად, ყველა რეკომენდაცია აქვს შესრულებული. მაჭარაშვილის თქმით, ეს პოზიტიური შეტყობინებაა.

ამასთან, როგორც მაჭარაშვილი ამბობს, ევროსაბჭოდან მიღებული რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება.

„ევროსაბჭოდან მიღებული რეკომენდაციები საქართველოში სრულდებოდა და ახლაც იქნება გათვალისწინებული, მაგრამ არ არსებობს ქვეყანა, რომ ევროკავშირს არ ჰქონდეს რაიმე ტიპის რეკომენდაცია, მით უფრო, მას რეკომენდაციები ექნება არაწევრ ქვეყანასთან. არაერთ რეზოლუციაშია ჩაწერილი, რომ საქართველო ნამდვილად თავსებადია ევროპასთან. უბრალოდ, ახლა ეს დამოკიდებულია პოლიტიკაზე. აღინიშნა, რომ, პრაქტიკულად, ყველა რეკომენდაცია შესრულებულია, თუმცა გარკვეული ტიპის რეკომენდაციების შესრულება გაგრძელდება. კანდიდატის სტატუსის მიღება არ ნიშნავს რეფორმების დასრულებას. ეს ისეთი სფეროებია, რომ მუდმივად განახლებადია, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში. ეს შეტყობინება პოზიტიურია. თუ ვინმეს წინსვლა და კანდიდატის სტატუსი არ უხარია, ვიცით, ვინც არიან – ისინი განაგრძობენ თავიანთ სამყაროში ცხოვრებას. ჩვენთვის და საქართველოსთვის კი ეს პოზიტიური სიგნალია“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მაჭარაშვილმა ასევე შეაფასა რეზოლუციის ის ნაწილი, სადაც მოწოდებაა საქართველოს მთავრობის მიმართ, რომ გადადგას ყველა შესაძლო ნაბიჯი მედიაგარემოში დაძაბულობის შესამცირებლად.

გურამ მაჭარაშვილის თქმით, „თუ სადმე შეიძლება, იყოს მედიის თავისუფლების ხარისხი, ეს საქართველოა“.

„საკანონმდებლო ბაზიდანაც რომ დავიწყოთ, სუბიექტს რამდენიმე დღეში შეუძლია, ტელევიზია შექმნას. შექმნის შემდეგ კი არანაირი წნეხი არ არსებობს მედიაზე. თავად მედიის მხრიდან ხდება მედიასტანდარტების დარღვევა – სიყალბის გავრცელებით, სიძულვილის ენით და ასე შემდეგ. მედიათავისუფლების მიმართულებით სხვა პრობლემა არ არსებობს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.