გურამ მაჭარაშვილი - ევროკავშირის ელჩი როცა ამბობს, რომ წინ არიან უკრაინა და მოლდოვა, დიახ, მოლდოვა მათივე ევროპული ინსტიტუტებით წინ არის, როგორც კორუმპირებული ქვეყანა, ამ მიმართულებით, უნდა ჩამოვრჩებოდეთ
ევროკომისიის და ევროპული საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ საერთაშორისო დონეზეა აღიარებული, რომ საქართველო ყველა მიმართულებით პოზიტიურად დაწინაურებულია, მათ შორის კორუფციასთან ბრძოლის, მთავრობის ნდობის, ეკონომიკური და ბევრი მიმართულებით, მაშინ, როდესაც, სამწუხაროდ, უკრაინა ნომერ პირველ კორუმპირებულ ქვეყნად არის აღიარებული იგივე ევროპული ინსტიტუტებით, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, მოლდოვა, როგორც კორუმპირებული ქვეყანა მესამე ქვეყნად არის იგივე ინსტიტუტებით.
„ევროკავშირის ელჩი როდესაც ამბობს, რომ უკრაინა და მოლდოვა წინ ყოფილან, ვიდრე საქართველო, დიახ, მოლდოვა მათივე ევროპული ინსტიტუტებით წინ არის, როგორც კორუმპირებული ქვეყანა და ამაში გვისწრებენ. გვისწრებენ იმაში, რომ იქ ლგბტ აღლუმები ტარდება. ევროპას, ევროკომისიას და ევროკავშირის ელჩს თუ მიაჩნიათ, რომ მათ საქართველო ამ მიმართულებით ჩამორჩება, რა თქმა უნდა, უნდა ჩამოვრჩებოდეთ. არც ლგბტ აღლუმები გვინდა, არც ომი, არც „ესენგეს“ წევრობა. არცერთ ასეთ ფორუმში ჩვენი ადგილი არ არის, რადგან ლგბტ ფორუმებში, აღლუმებში, სამხედრო კონფლიქტებში, ეკონომიკის ჩამოქცევასა და „ესენგეს“ წევრობაში, რა თქმა უნდა, ჩვენი ადგილი არ იქნება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.